დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

სირიის რეჟიმისა და ერთ-ერთი დრუზი ლიდერის ცნობით, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

Bakr ALKASEM / AFP

სირიის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტოსა და სირიელი დრუზების ერთ-ერთი სასულიერო ლიდერის მიხედვით, ქალაქ სუვაიდაში სამთავრობო ძალებმა და ადგილობრივმა დრუზებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს.

სააგენტოს თანახმად, რეჟიმის ძალები ტერიტორიაზე საკონტროლო პუნქტებს განათავსებს.

არაბულ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში სირიელი დრუზების ერთ-ერთი ლიდერი, შეიხი იუსეფ ჯარბუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს ასახელებს. 

ჯარბუს თქმით, ტერიტორიაზე გზები სახელმწიფოს ძალები დაიცავენ, სუვაიდაში სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობას განაგრძობენ, დრუზებისა და რეჟიმის წარმომადგენლების ერთობლივი კომიტეტი დაარსდება, რათა გამოძიებული იქნას არეულობის განმავლობაში ჩადენილი “დანაშაულები და სამართალდარღვევები”, ხოლო არეულობის დროს ყველა დაკავებული პირი გათავისუფლდება. 

გამოცემა Times of Israel აღნიშნავს, რომ დრუზების ნაწილი ცეცხლის შეწყვეტით კმაყოფილი არ არის და სირიაში დრუზების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელიც მოუწოდებს “ტერორისტულ დაჯგუფებებთან (რედ. - რეჟიმის ძალებთან) ბრძოლისკენ, სანამ ჩვენი [დრუზების] მიწა მათგან არ გათავისუფლდება”. 

გამოცემა ასევე წერს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობებით, შეთანხმების მთავარი მოწინააღმდეგე ერთ-ერთი სასულიერო ლიდერი, შეიხი ჰიკმატ ალ-ჰიჯრია.

მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა, რომ ისრაელსა და სირიას შორის სავარაუდოდ "გაუგებრობა" მოხდა და აშშ მომდევნო საათებში სიტუაციის დეესკალაციას ელის. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა (IDF) დამასკოში დრონებით “ძლიერი იერიშები” მიიტანა, რის ფარგლებშიც დაიბომბა სირიის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შენობა. ისრაელმა იერიშები მიიტანა პრეზიდენტის სასახლის მახლობლადაც.

აქ გაიგებთ რატომ ბომბავს ისრაელი სირიის რეჟიმს და ვინ არიან დრუზები

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, X-ზე დაწერა, რომ "მძიმე დარტყმები დაიწყო". მანამდე, მან სირია გააფრთხილა, რომ ძლიერი დარტყმები იმ შემთხვევაში დაიწყებოდა, თუ სირიის რეჟიმის ძალები ქვეყნის სამხრეთში მდებარე დრუზების ქალაქიდან, ელ-სუვაიდიდან უკან არ დაიხევდნენ. 

15 ივლისს სირიის სამთავრობო ძალები სუვაიდაში შევიდნენ. სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ისინი ადგილობრივ დრუზებსა და სუნიტ ბედუინებს შორის კონფლიქტის განმუხტვას ისახავდნენ მიზნად. 

ქალაქში შესვლის შემდეგ სირიის თავდაცვის მინისტრმა, მურჰაფ აბუ კასრამ  “ცეცხლის შეწყვეტა” გამოაცხადა და განაცხადა, რომ “სამხედრო ქცევის დასარეგულირებლად და დამნაშავეების დასასჯელად” ადგილზე სამხედრო პოლიცია გააგზავნეს. 

დრუზებსა და სუნიტ ბედუინებს შორის შეტაკებები 13 ივლისს დაიწყო, როდესაც შეიარაღებულმა ბედუინმა პირმა დრუზი ბოსტნეულის გამყიდველი გაიტაცა.

ბრიტანეთში დაფუძნებული სადამკვირვებლო ორგანიზაციის, სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრის (SOHR) უახლესი მონაცემებით, სუვაიდის პროვინციაში, სულ მცირე, 203 ადამიანი არის მოკლული, მათ შორის 18 ბედუინი, 93 უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი და 92 დრუზი - ორგანიზაციის თანახმად, დრუზებს შორის 21 მშვიდობიანი მოსახლე “სამთავრობო ძალებმა სიკვდილით უკანონოდ დასაჯეს”. 

კომენტარები