დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

აქ გაიგებთ რატომ ბომბავს ისრაელი სირიის რეჟიმს და ვინ არიან დრუზები

REUTERS/Khalil Ashawi 

ისრაელმა სირიაში სუვაიდის პროვინციაში ადგილობრივ დრუზებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებების გამო სირიის ტერიტორიაზე იერიშების მიტანა დაიწყო

ცოტა ხნის წინ ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა (IDF) დამასკოში დრონებით “ძლიერი იერიშები” მიიტანა, რის ფარგლებშიც დაიბომბა სირიის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შენობა.

სირიულ მედიაში მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის არმიის შტაბ-ბინაზე ისრაელმა ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა. ამასთან, ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში.

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, X-ზე დაწერა, რომ "მძიმე დარტყმები დაიწყო". მანამდე, მან სირია გააფრთხილა, რომ ძლიერი დარტყმები იმ შემთხვევაში დაიწყებოდა, თუ სირიის რეჟიმის ძალები ქვეყნის სამხრეთში მდებარე დრუზების ქალაქიდან, ელ-სუვაიდიდან უკან არ დაიხევდნენ. 

ცნობისთვის, IDF-ის შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა, ეიალ ზამირმა სირიის საზღვრის გამაგრება, ადგილზე დამატებითი სამეთვალყურეო და საიერიშო საშუალებების განლაგება ბრძანა

“IDF ჩვენს დრუზ ძმებთან ღრმა ალიანსის ერთგულია და, შესაბამისად, სირიაში სამიზნეებს არტყამს, რათა ისინი დაიცვას სუვაიდის, ჯაბალ ალ-დრუზის რეგიონებში და სადაც საჭიროა”. - წერია განცხადებაში.

15 ივლისს სირიის სამთავრობო ძალები სუვაიდაში შევიდნენ. სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ისინი ადგილობრივ დრუზებსა და სუნიტ ბედუინებს შორის კონფლიქტის განმუხტვას ისახავდნენ მიზნად. 

ქალაქში შესვლის შემდეგ სირიის თავდაცვის მინისტრმა, მურჰაფ აბუ კასრამ  “ცეცხლის შეწყვეტა” გამოაცხადა და განაცხადა, რომ “სამხედრო ქცევის დასარეგულირებლად და დამნაშავეების დასასჯელად” ადგილზე სამხედრო პოლიცია გააგზავნეს. 

დრუზებსა და სუნიტ ბედუინებს შორის შეტაკებები 13 ივლისს დაიწყო, როდესაც შეიარაღებულმა ბედუინმა პირმა დრუზი ბოსტნეულის გამყიდველი გაიტაცა.

ბრიტანეთში დაფუძნებული სადამკვირვებლო ორგანიზაციის, სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრის (SOHR) უახლესი მონაცემებით, სუვაიდის პროვინციაში, სულ მცირე, 203 ადამიანი არის მოკლული, მათ შორის 18 ბედუინი, 93 უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი და 92 დრუზი - ორგანიზაციის თანახმად, დრუზებს შორის 21 მშვიდობიანი მოსახლე “სამთავრობო ძალებმა სიკვდილით უკანონოდ დასაჯეს”. 

ვინ არიან დრუზები?

დრუზების რაოდენობა დაახლოებით ერთ მილიონს შეადგენს - მათი უმრავლესობა სირიაში, ლიბანსა და ისრაელში ცხოვრობს. 

დრუზები ეზოთერული რელიგიური სწავლების მიმდევარი არაბები არიან, რომელთა რწმენის სისტემა შიიტური მიმდინარეობის, ისმაილიზმის საფუძველზე წარმოიქმნა და მე-11 საუკუნეში, ეგვიპტეში იღებს სათავეს. თუმცა, დრუზები თავს მუსლიმებად არ მოიაზრებენ და ისლამის ხუთ ბურჯს არ იზიარებენ. მათ საკუთარი იდენტობის განუყოფელ ნაწილად არაბული ენა და კულტურა მიაჩნიათ. 

გარდა ამისა, მათი მრწამსი კრძალავს სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებზე დაქორწინებას, სარწმუნეობის შეცვლასა და სხვა სარწმუნეობის მიმდევართა მოქცევას. 

სირიაში დრუზების დიდი ნაწილი სუვაიდის პროვინციაში ცხოვრობს, სადაც ისინი მოსახლეობის დაახლოებით 90%-ს შეადგენენ. ამასთან, 20 000-ზე მეტი დრუზი გოლანის მთებზე სახლობს, რომელიც ფორმალურად ისრაელის ნაწილი 1981 წელს გახდა. 

დრუზებისა და სირიის სამთავრობო ძალების დაპირისპირება

ბაშარ ალ-ასადი, რომელიც სირიას 24 წლის განმავლობაში მართავდა, გასული წლის დეკემბერში ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰაიათ თაჰრირ ალ-შამმა (HTS) დაამხო. ქვეყანას ამჟამად ახალი პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა მართავს, რომელიც დეკემბერში ასადის რეჟიმის დასამხობად საბრძოლო მოქმედებებს მეთაურობდა. HTS ალ-კაიდასთან აფილირებული დაჯგუფება იყო, თუმცა კავშირები მასთან 2016 წელს გაწყვიტა.

ალ-შარაამ ასადის დამხობის შემდეგ განაცხადა, რომ სირიის უმცირესობებს დაიცავდა, თუმცა მისი მორჩილი სუნიტური ექსტრემისტული ძალები რელიგიურ უმცირესობებს მაინც უპირისპირდებოდნენ. 

ახალი რეჟიმის ფორმირების ფონზე, დრუზებმა  შეიარაღებული ჯგუფები ჩამოაყალიბეს. ალ-შარაას ქვეყანაში ერთიანი შეიარაღებული ძალების კონსოლიდირება და დაჯგუფებების დაშლა სურს, თუმცა წარსულში ასადის ავტორიტარულ მმართველობასთან დაპირისპირებული დრუზები ყოფილ ექსტრემისტ ისლამისტს, ალ-შარაას ეჭვის თვალით უყურებენ და განიარაღებასა და დაჯგუფებების დაშლაზე უარს ამბობენ.

დრუზები ახალ მთავრობაში მათი წარმომადგენლობის სიმცირით და ალ-შარაას ეროვნული დიალოგის პროცესებიდან მათი რიგი ლიდერების გამოტოვებით უკმაყოფილებას გამოხატავენ. ცნობისთვის, სირიის ახალ მთავრობაში მინისტრის თანამდებობა ერთ დრუზს უკავია. 

ისრაელის როლი კონფლიქტში

ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე კარმელსა და გალილეაში დაახლოებით 130 000 დრუზი ცხოვრობს. მათზე ისრაელის შეიარაღებულ ძალებში (IDF) სავალდებულო სამხედრო გაწვევა 1957 წლიდან ვრცელდება - დრუზების ნაწილს კი პოლიციასა და შეიარაღებულ ძალებში მნიშვნელოვან თანამდებობები უკავია. 

ისრაელს არაერთხელ განუცხადებია, რომ სამხრეთ სირიაში დრუზების დაცვა მნიშვნელოვანია. თებერვალში ნეთანიაჰუმ სირიის ახალი რეჟიმისგან ქვეყნის სამხრეთის სრული დემილიტარიზაცია მოითხოვა.

გარდა ამისა, ასადის რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ IDF-მა სირიის საზღვართან ბუფერული ზონა შექმნა.

გუშინ, 15 ივლისს ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა ნეთანიაჰუსა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ “მოქმედებენ, რათა სირიის რეჟიმს მათთვის [დრუზებისთვის] ზიანის მიყენების საშუალება არ მისცენ და სირიასთან მათ საზღვართან მომიჯნავე რეგიონის დემილიტარიზაცია” უზრუნველყონ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სირიამ დაარღვია სუვაიდის დემილიტარიზაციის პოლიტიკა, რაც რეგიონში იარაღისა და ძალების შეყვანის აკრძალვას გულისხმობს. 

“ისრაელი სირიაში დრუზებისთვის ზიანის მიყენების პრევენციის ერთგულია, ისრაელში ჩვენს დრუზ მოქალაქეებთან სისხლით დადებული ღრმა აღთქმისა და სირიაში დრუზებთან მათი ისტორიული და საოჯახო ბმების გამო”. - წერია განცხადებაში.

სირიის მთავრობა რეგიონის დემილიტარიზაციის მოთხოვნაზე უარს ამბობს.

ცნობისთვის, 15 ივლისს, მას შემდეგ, რაც სამთავრობო ძალები სუვაიდაში შევიდნენ, დრუზების ერთ-ერთმა სასულიერო ლიდერმა, შეიხ ჰიკმატ ალ-ჰიკრიმ “ყველა ქვეყნისგან” საერთაშორისო დაცვა მოითხოვა, რათა “ყველა საშუალების გამოყენებით” მთავრობისა და მოკავშირე ძალების “ბარბაროსულ კამპანიას წინააღმდეგობა გაუწიონ”. ალ-ჰიკრის თქმით, დრუზები “სრული განადგურების ომის წინაშე დგანან”. 

თუმცა, პარალელურად, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დრუზი ლიდერების ნაწილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც სუვაიდაში სამთავრობო ძალების შესვლა დადებითად შეაფასეს და დრუზ დაჯგუფებებს დამასკოსთან დიალოგის დაწყებისკენ და განიარაღებისკენ მოუწოდეს.

ისრაელისა და სირიის ურთიერთობები

ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ისრაელმა სირიაში ახალი ტერიტორიები დაიკავა და იერიშები რამდენჯერმე მიიტანა. 

როგორც CNN ისრაელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, მაისში ნეთანიაჰუმ ტრამპს სთხოვა, რომ სირიისთვის სანქციები არ მოეხსნა, რადგან 7 ოქტომბრის მსგავსი შემთხვევის განმეორება არ სურდა. 

ისრაელს სურს, რომ სირიასთან საზღვარზე ექსტრემისტული დაჯგუფებების კონსოლიდირებისა და მათი მხრიდან ისრაელზე იერიშის შესაძლო საფრთხე აღმოფხვრას. 

მიუხედავად ამისა, ისრაელს აქამდე სირიასთან ურთიერთობების ნორმალიზების სურვილიც ჰქონდა გამოხატული. გასულ თვეში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა თქვა, რომ აბრამიის შეთანხმების გაფართოებით, მათ შორის, სირიასთან ურთიერთობის ნორმალიზებით არიან დაინტერესებულები.

“ისრაელი დაინტერესებულია აბრაამის შეთანხმების მშვიდობისა და ნორმალიზაციის წრის გაფართოებით. ინტერესი გვაქვს, რომ ახალი ქვეყნები დავუმატოთ, როგორიცაა სირია და ლიბანი, ჩვენი მეზობლები, მშვიდობისა და ნორმალიზაციის წრეს, პარალელურად ისრაელის არსებითი და უსაფრთხოების ინტერესების დაცვით”. - თქვა საარმა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, ისრაელმა სირიის ახალ მთავრობასთან პირდაპირი და ირიბი მოლაპარაკებებიც გამართა. მაისში ალ-შარაამ თქვა, რომ ირიბი მოლაპარაკებები იერიშების შეჩერებას ისახავდა მიზნად, მაგრამ ეს არ მომხდარა.

კომენტარები