11 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი, სადაც ის კანადას 35%-იანი ტარიფით ემუქრება.
გამოქვეყნებულ წერილში ტრამპი კანადის პრემიერმინისტრ მარკ კარნის წერს, რომ აშშ ტარიფებს პირველი აგვისტოდან დააწესებს. ტრამპი აღნიშნავს, რომ საპასუხო ტარიფების შემთხვევაში, აშშ თავის ტარიფებს ტოლფასად გაზრდის.
ტრამპი წერს, რომ ახალი ტარიფის დაწესების მიზეზი კვლავ კანადასთან არსებული სავაჭრო დეფიციტი და აშშ-სთან კანადის არასამართლიანი სავაჭრო ურთიერთობებია. ასევე, "კანადა ნაწილობრივ პასუხისმგებელია აშშ-ს საზღვარზე ფენტანილის შემოშვებით გამოწვეულ კრიზისში".
CNN აღნიშნავს, რომ არ იყო დაუყოვნებლივ ცხადი, გავრცელდება თუ არა ახალი ტარიფები კანადური პროდუქციის სრულ სპექტრზე, თუ ტრამპის მუქარა მხოლოდ იმ შეზღუდულ რაოდენობის საქონელს შეეხება, რომელზეც აშშ ტარიფებს უკვე აწესებს.
"ამჟამინდელი სავაჭრო მოლაპარაკებების განმავლობაში აშშ-სთან, კანადის მთავრობა მტკიცედ იცავდა ჩვენს მუშახელსა და ბიზნესს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ხაზის დაცვას, როცა 1 აგვისტოს გადავადებული ვადისთვის ვიმუშავებთ" - განაცხადა კანადის პრემიერმინისტრმა.
NBC News-სთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა ასევე მიანიშნა, რომ შესაძლოა, ტარიფები აშშ-ს სხვა სავაჭრო პარტნიორებზეც გაიზარდოს.
CNN აღნიშნავს, რომ ტრამპის განცხადება კანადისთვის მაღალი ტარიფების დაწესების შესახებ იმ ფონზე კეთდება, როცა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მან მსოფლიო ლიდერებს ათეულობით წერილი გაუგზავნა, სადაც მიუთითა, თუ რა ტარიფები შეეხება მათ ქვეყნებიდან შემოსულ საქონელს 1 აგვისტოდან, სავაჭრო შეთანხმებების არქონის შემთხვევაში.





