წყნეთში, ერთ-ერთ სკვერში, დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის, დათუნა ჟღენტის დედის განცხადებით, შემთხვევიდან 2 წლის შემდეგაც კი, მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება არ არის დასრულებული, არავინ დაუკავებიათ.
ქეთი ჟღენტის განცხადებით, ეს არის "სისტემური მკვლელობა". მისი თქმით, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქმეზე 2 პირი დააკავეს, თუმცა ეს ტყუილი იყო.
"პირველივე დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიღაც ორი პიროვნება იყო დაკავებული - სრული სიცრუეა, არავინ. მეც მეგონა, რომ დაკავებულები იყვნენ და ამის დარდი არ მქონდა, სამედიცინო დასკვნის მოლოდინში, რომ ვიყავი აქდან ჩავერთდე საქმეში, მე თვითონ მომიწია პათანატომთან დარეკვა. [...]
საქმე გადაეცა გია შაიშმელაშვილს. დღესდღეობით ამ საქმის პროკურორი არის გია შაიშმელაშვილი, რომელთანაც მქონდა მრავალგზის სატელეფონო კომუნიკაცია და, სავარაუდოდ, 3-4-ჯერ გვქონდა პირადი შეხვედრები. იყო დაპირებები, იყო რაღაცები, მაგრამ შეიქმნა ოთხტომნახევარი ამ საქმესთან დაკავშირებით, მხოლოდ ის მასალა, რაც იმ ორ დღეში გაკეთდა. გავიდა ორი წელი, მეტი არაფერი გაკეთებულა. ანუ, არ გვყავს ეჭვმიტანილი, არ გვყავს ბრალდებული, თავისთავად არავინ არ არის დაჭერილი, არავინ. პასუხისმგებლობა არავინ არ აიღო.
ახლა სრულად თავისუფლად ვაცხადებ, რომ ეს არის სისტემური მკვლელობა, შვილი მომიკლეს, დამიღუპეს უპასუხისმგებლობის, უყურადღებობის, საქმისადმი გულგრილი, არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებით. სწორედ ამ პატარ-პატარა რაღაცებმა მიგვიყვანა, რომ დათუნა დღეს ჩემს გვერდზე არ არის". - თქვა ქეთი ჟღენტმა TV პირველთან.
15 წლის კალათბურთელი, დათუნა ჟღენტი, 2023 წლის 10 ივლისს, წყნეთში დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. ბიჭი სკვერთან თამაშობდა, როდესაც უბედური შემთხვევა მოხდა. მედიის ინფორმაციით, სკვერის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა.
მაშინ, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევასთან დაკავშირებით, 2023 წლის 11 ივლისს განცხადება გაავრცელა ვაკის გამგეობამაც, სადაც წერდნენ: "ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა. მოზარდის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ასევე, დადგინდება ის პირები, რომელთაც უკანონოდ აწარმოეს ეს სამუშაო".





