მოზარდის დაღუპვა

ელექტრომოწყობილობა კუსტარულად იყო დამონტაჟებული – ვაკის გამგეობა მოზარდის დაღუპვაზე

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

ვაკის რაიონის გამგეობა წყნეთში 15 წლის მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - მათი ინფორმაციით, ფანჩატურში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ელექტრომოწყობილობა კუსტარულად, უკანონოდ იყო დამონტაჟებული. 

"პირველ რიგში, გვინდა, სამძიმარი გამოვთქვათ გუშინ, წყნეთში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც 16 წლის მოზარდის გარდაცვალება მოჰყვა. ვიზიარებთ ოჯახის და ახლობლების დიდ გულისტკივილს! 

ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა. მოზარდის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ასევე, დადგინდება ის პირები, რომელთაც უკანონოდ აწარმოეს ეს სამუშაო. 

რაც შეეხება კონკრეტულ მედიასაშუალებებში გასულ ინფორმაციას, თითქოს მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, ეს არის სრული სიცრუე და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მცდელობა. სკვერის გამწვანების სამუშაოები საწყის ეტაპზეა და ამ დრომდე არანაირი შეხება არ ჰქონია ზემოხსენებულ ფანჩატურთან. 

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ, ცრუ ინფორმაციას და პატივი ეცით საზოგადოებას!" - წერია განცხადებაში.  

გუშინ, 10 ივლისს, წყნეთში დენის დარტყმის შედეგად 15 წლის მოზარდი დაიღუპა. ბიჭი სკვერთან თამაშობდა, როდესაც უბედური შემთხვევა მოხდა. მედიის ინფორმაციით, სკვერის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა. 

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები