მოზარდის დაღუპვა

ომბუდსმენის აპარატი რიყის პარკში მომხდარზე: მოგიწოდებთ დროული და საფუძვლიანი გამოძიებისკენ

სახალხო დამცველი რიყის პარკის ტერიტორიაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც მოზარდი ემსხვერპლა, განცხადებას ავრცელებს და შესაბამის უწყებებს დროული და საფუძვლიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

მათი თქმით, ომბუდსმენის აპარატი საქმეს შეისწავლის.

"სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომლის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა. ეს შემთხვევა მთელი საზოგადოების ტრაგედიაა. გულწრფელად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს.

მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, ჩაატარონ დროული და საფუძვლიანი გამოძიება და დადგინდეს პასუხისმგებლობის საკითხი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის აპარატი ყოველმხრივ შეისწავლის ამ ტრაგიკულ შემთხვევას, როგორც უწყებების მიერ გატარებული შესაძლო პრევენციული/სარეაგირებო ზომების, ასევე, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას გატარებული ღონისძიებების თაობაზე და მიმართავს ყველა სათანადო ზომას". - ნათქვამია განცხადებაში. 

TV პირველის ცნობით, თბილისში, რიყის პარკში მე-8 კლასელი მოზარდი ღია თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. არხის ინფორმაციით, ადგილზე არც გამაფრთხილებელი ნიშნები იყო და არც უსაფრთხოების ზომები იყო დაცული.

TV პირველის ინფორმაციით, ადგილზე 30 წუთის განმავლობაში არც სასწრაფო მისულა და არც პოლიცია. არხის ინფორმაციით, მოზარდის გადარჩენას მისი მეგობრები ცდილობდნენ, მაგრამ მისი ამოყვანა ვერ შეძლეს, რადგან, მათივე ცნობით, თხრილში დიდი რაოდენობის წყალი და ტალახი იყო. 

მომხდარზე მოგვიანებით განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამაც, როგორც უწყება წერს, 16 წლის მოზარდი რამდენიმე დღის წინ "კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში" უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შემთხვევა რიყის პარკში მოხდა, არ შეესაბამება სიმართლეს.

კომენტარები