თბილისის მერის განცხადებით, კონკრეტული მედიები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, რომ მოზარდი რიყის პარკში თხრილში ჩავარდნის შედეგად დაიღუპა, სინამდვილეში კი მისივე თქმით, შემთხვევა ე.წ. რიყის დოქების შენობაში მოხდა, რაც "არის კერძო საკუთრება და იყო დაკეტილი."
კალაძე ამბობს, რომ "ამიტომაც აქვს საზოგადოების უდიდეს ნაწილს მათ მიმართ [მედიების] ის დამოკიდებულება, რაც ეკუთვნით და მომავალშიც ასე იქნება."
29 იანვარს ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რიყის პარკში მოზარდი ღია თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. მალევე, განცხადება გამოაქვეყნა თბილისის მერიამ, სადაც მათ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდეს და დაწერეს, რომ შემთხვევა კერძო საკუთრების ტერიტორიაზე მოხდა.
"მათ [მედიებს] ყველა უმძიმესი ფაქტის პოლიტიკურად გამოყენება უნდათ. ამიტომაც არის, რომ ხალხი ლანძღავს და აგინებს. რასაც თესავენ, იმას იღებენ საზოგადოებისგან. ისინი არიან პირველი მოძალადეები და ძალადობის წამახალისებლები.
რაც შეეხება ამ ტრაგედიას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე. ეს საშინელი ფაქტი მოხდა ე.წ. რიყის დოქების შენობაში, რომელიც არის კერძო საკუთრება და იყო დაკეტილი. სხვა დანარჩენ დეტალზე საუბარს აღარ გავაგრძელებ, ოჯახის ტკივილიდან და იმ უბედურებიდან გამომდინარე, რაც მოხდა." - ამბობს კალაძე.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ გააკონტროლა ობიექტი თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, კალაძემ უპასუხა, რომ ეს ცდება უწყების კომპეტენციას, რადგან ტერიტორიაზე ამ ეტაპზე მშენებლობა არ მიმდინარეობს.
"რა უსაფრთხოებაზე საუბრობთ? ეს არის კერძო საკუთრება, დახურული შენობა-ნაგებობაა, სადაც ჯერ არც მშენებლობის ნებართვაა გაცემული და არც მშენებლობა მიმდინარეობს. შენობა დაკეტილია და არ ფუნქციონირებს. როდესაც საკუთარი სახლი გაქვთ დაკეტილი, სადაც არ ცხოვრობთ, იქ მუნიციპალური ინსპექცია ვერ დადგება და ვერ დაიცავს." - განაცხადა თბილისის მერმა.





