სომხეთი

სომხეთში ოპოზიციონერი დეპუტატი, არტურ სარგსიანი დააკავეს

Armenpress

სომხეთში ოპოზიციონერი დეპუტატი, არტურ სარგსიანი დააკავეს. საპარლამენტო ფრაქციის, სომხეთის წევრს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 თვით პატიმრობა შეუფარდეს

ერევანის ავანისა და ნორ ნორკის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა სომხეთის პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.

მანამდე, სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სარგსიანისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ. შუამდგომლობას 107 დეპუტატიდან 67-მა დაუჭირა მხარი. 

8 ივლისს, შუამდგომლობის წარდგენამდე, ეროვნულმა ასამბლეამ დააკმაყოფილა პროკურატურის თხოვნა, სარგსიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით. 

პროკურატურა სარგსიანს ტერორისტული აქტის მომზადებასა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობაში ადანაშაულებს, რომელიც, ბრალდების თანახმად, ტავუშელი მთავარეპისკოპოსის, ბაგრატ გალსტანიანის მიერ იყო ორგანიზებული.

Armenpress-ის მიხედვით, სარგსიანი ბრალდებებს უარყოფს. 

სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით პროკურატურის მიმართვამდე ეროვნულმა ასამბლეამ სარგსიანს დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა.

პარალელურად, იგივე ფრაქციის, სომხეთის ლიდერის, სეირან ოჰანიანისა და მდივნის, არცვიკ მინასიანის წინააღმდეგ კორუფციასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეები არის აღძრული. 

28 ივნისს სომხეთში შირაქის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფაჰიანი ხელისუფლების დამხობის ბრალდებით დააკავეს.

მანამდე, 25 ივნისს, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების თანამშრომლებმა ტავუშელი მთავარეპისკოპოსი, ბაგრატ გალსტანიანი დააკავეს.

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღკვეთეს.

კომენტარები