ირანის ბირთვული პროგრამა

Axios: ისრაელი ემზადება, რომ ირანზე იერიშები განაახლოს, თუ ბირთვულ პროგრამას აღადგენენ

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, 27 სექტემბერი, 2024
Mike Segar/Reuters

გამოცემა Axios საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელი ირანის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებების განახლებისთვის ემზადება იმ შემთხვევაში, თუკი თეირანი ბირთვული პროგრამის აღდგენას შეეცდება. 

ამასთან, გამოცემის თანახმად, ისრაელელი მაღალჩინოსნები ფიქრობენ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ისრაელის განახლებულ იერიშებს მხარი დაუჭიროს. 

Axios-ის წყაროები ამბობდნენ, რომ ტრამპი და ნეთანიაჰუ დღეს გამართულ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, ირანის ბირთვული პროგრამაზე მოლაპარაკებებსა და იერიშების ხელახლა მიტანის სცენარზე ილაპარაკებდნენ.

როგორც გამოცემა წერს, ნეთანიაჰუ იმედოვნებდა, რომ ტრამპთან იერიშების აღდგენის წინაპირობებზე შეთანხმებას შეძლებდა.

ცნობისთვის, პენტაგონის მიხედვით, აშშ-ს იერიშებმა ირანის ბირთვული პროგრამა ერთიდან ორ წლამდე შეაფერხა.

შონ პარნელმა, პენტაგონის სპიკერმა, ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ოფიციალური შეფასებით ეს მონაცემი "ალბათ უფრო ორ წელს უახლოვდება".

"ჩვენ მათი პროგრამა ერთიდან ორ წლამდე შევაფერხეთ, ყოველ შემთხვევაში, თავდაცვის დეპარტამენტის შიდა დაზვერვის შეფასებით, ეს ასეა" - თქვა პარნელმა პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ  ისრაელმა 13 ივნისის გამთენიისას ირანის წინააღმდეგ, ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების გასანეიტრალებლად, მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, კოდური სახელით "აღმავალი ლომი" წამოიწყო. ოპერაციაში 200-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი მონაწილეობდა, რომლებმაც დაახლოებით 330 ბომბით 100 სამხედრო სამიზნეზე ხუთ ეტაპად მიიტანეს იერიშები. ისრაელმა დაარტყა ირანის ბირთვული პროგრამის ისეთ საკვანძო ობიექტებს, როგორებიცაა ნათანზის, ისპაანისა და ფორდოს ბირთვული კომპლექსები.

მოგვიანებით, 22 ივნისის გამთენიისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკამ "ძალიან წარმატებული იერიში" მიიტანა ირანის სამ უმთავრეს ბირთვულ ობიექტზე და დაამატა, რომ თეირანის ბირთვული პროგრამის ყველაზე ღირებული ობიექტი - ფორდო - განადგურებულია. 

ოპერაციის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: ირანის ბირთვულ ობიექტებს "შუაღამის ურომ" დაარტყა – რა ვიცით ამ დროისთვის

კომენტარები