30 იანვარს გადაღებული ისპაანის ბირთვული ობიექტის სატელიტური სურათებში გვირაბების შესასვლელებთან განახლებული აქტივობა ჩანს. ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრი The Institute for Science and International Security (ISIS) ანგარიშს აქვეყნებს.
სურათების ანალიზით ირკვევა, რომ ირანმა მიწით ობიექტის ცენტრალური შესასვლელი მიწით ხელახლა დაფარა და დამატებით მიწას ამატებს ობიექტის სამხრეთით მდებარე შესასვლელთან.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ბირთვული ობიექტის ჩრდილოეთ შესასვლელი, რომელიც 2025 წელს აშშ-ს მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ გადაკეთდა და ბოლო თვეებში გამაგრდა, როგორც ჩანს, კვლავ ღიაა, თუმცა მის სიახლოვეს მძიმე გადამზიდი საშუალებები იმყოფება. ISIS წერს, რომ გზაზე, რომელიც ცენტრალურ და ჩრდილოეთ გვირაბის შესასვლელებისკენ მიდის, მიწით დატვირთული დამატებითი თვითმცლელი მანქანები შეინიშნება, რომლებიც მათი მიმართულებით გადაადგილდებიან, სავარაუდოდ, ცენტრალურ შესასვლელზე მეტი მიწის დასამატებლად.
ანალიტიკური ცენტრი აღნიშნავს, რომ ირანი, დიდი ალბათობით, ობიექტის შესასვლელებს ხელახლა აშშ-ს მხრიდან შესაძლო დაბომბვისგან დასაცავად მარხავს. ბოლოს ეს სწორედ იმ დროს გააკეთა, როდესაც 12-დღიანი ომის პერიოდში აშშ-მ ირანის ბირთული ობიექტები დაბომბა.
ასევე, სურათებში ნათლად ჩანს სამშენებლო სამუშაოები ობიექტის მიწისზედა შენობის გარშემო, რომელიც წინა წელს აშშ-ს იერიშმა გაანადგურა. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაუდასტურებელია, არსებობს ნიშნები, რომ ეს შენობა ისპაანში ცენტრიფუგების წარმოებასთან იყო დაკავშირებული.
ISIS წერს,რომ თუ ეს ტერიტორია სრულად ან ძირითადად ცენტრიფუგების წარმოებას ემსახურებოდა, მაშინ ამ ობიექტზე მიმდინარე აქტივობა, ისპაანის მთის კომპლექსსა და ნათანზის ბირთვულ ობიექტზე დაფიქსირებულ აქტივობასთან ერთად, იმაზე მიუთითებს, რომ ირანის მიზენი კვლავ ურანის გამდიდრებაა.





