პროკურატურა გიორგი რამიშვილისთვის შეფარდებულ გირაოს სააპელაციოში გაასაჩივრებს

პროკურატურა ბიზნესმენ გიორგი რამიშვილისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას, 70 000-ლარიან გირაოს არ ეთანხმება და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

"როგორც მოგეხსენებათ ბრალდების მხარე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა და შესაბამისი წესით ბრალდების მხარის მიერ პატიმრობის გამოყენება დასაბუთებული იყო. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია იმ კუთხით, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები, თუმცა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენა გირაო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება და გაასაჩივრებს კანონით დადგენილი წესით სააპელაციო სასამართლოში" - IPN-ის ცნობით, განაცხადა პროკურორმა თორნიკე მახათაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა შამათავამ გიორგი რამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა - რამიშვილი დარბაზიდან გაათავისუფლეს, გირაოს გადასახდელად კი 30-დღიანი ვადა მისცეს.

ბრალდების მხარე რამიშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე 50 000-ლარიან გირაოს. 

საქმის წინასასამართლო სხდომა 30 აგვისტოს, 15:00 საათზე ჩაინიშნა. 

რამიშვილს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავებიან, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი 6 ივლისს დააკავეს. შსს-ს განცხადებით, თბილისის აეროპორტში გამგზავრების ტერმინალში, რამიშვილის ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.

უწყების ცნობით, ამოღებული იარაღი ბიზნესმენის სახელზე იყო რეგისტრირებული, თუმცა ტარების უფლება არ ჰქონდა.

ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, რამიშვილის დაკავებას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჭკადუა მომხდარს "გაუთვალისწინებელ შეცდომას" უწოდებს, მისი თქმით, დეტალებთან დაკავშირებით, მოგვიანებით ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

ჟურნალისტის შეკითხვაზე - "ჩანთა შეეშალა?" ადვოკატმა ირმა ჭკადუამ უპასუხა, რომ "ფაქტია, დიახ, მსგავსი რამ მოხდა". 

 

კომენტარები