პროკურატურა ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს - უწყებამ რამიშვილს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა.
რამიშვილს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავებიან, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, რედგენო-სკანერით შემოწმებისას ბრალდებულს ხელბარგში აღმოაჩნდა მასზე შენახვის უფლებით რეგისტირებული "WALTHER PPK/S" მოდელის 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდითა და 7 ცალი, 9 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი 6 ივლისს დააკავეს. შსს-ს განცხადებით, თბილისის აეროპორტში გამგზავრების ტერმინალში, რამიშვილის ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.
უწყების ცნობით, ამოღებული იარაღი ბიზნესმენის სახელზე იყო რეგისტრირებული, თუმცა ტარების უფლება არ ჰქონდა.
ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, რამიშვილის დაკავებას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჭკადუა მომხდარს "გაუთვალისწინებელ შეცდომას" უწოდებს, მისი თქმით, დეტალებთან დაკავშირებით, მოგვიანებით ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
ჟურნალისტის შეკითხვაზე - "ჩანთა შეეშალა?" ადვოკატმა ირმა ჭკადუამ უპასუხა, რომ "ფაქტია, დიახ, მსგავსი რამ მოხდა".





