ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას თქმით, რამიშვილის დაკავებას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ჭკადუა მომხდარს "გაუთვალისწინებელ შეცდომას" უწოდებს, მისი თქმით, დეტალებთან დაკავშირებით, მოგვიანებით ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
"მოხდა ასეთი გაუთვალისწინებელი შეცდომა. დეტალებთან დაკავშირებით მოგვიანებით გავაკეთებთ ერთობლივ განცხადებას.
[დაკავებას] არაფერს არ უკავშირებს, რას უნდა უკავშირებდეს. არანაირი კავშირი პოლიტიკასთან ამ ფაქტს არ აქვს.
[...]
თქვენც ხვდებით ხო ალბათ, რომ პარიზში აეროპორტიდან არ შეიძლებოდა იარაღი წაეღო. აქ საუბარია შენახვის უფლებით რეგისტრირებულ კანონიერ იარაღზე. [...] როგორ მოხდა, რანაირად მოხდა ამასთან დაკავშირებით მისცემს ჩვენებას გამოძიებას და მოგვიანებით თქვენთვის იქნება ცნობილი". - ამბობს ჭკადუა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე - "ჩანთა შეეშალა?" ადვოკატმა ირმა ჭკადუამ უპასუხა, რომ "ფაქტია, დიახ, მსგავსი რამ მოხდა".
"ბატონი გიორგი რამიშვილი აუცილებლად გააკეთებს განმარტებას თავად, იქნება პროცესზე თუ განცხადების სახით, ამას თავად გადაწყვეტს" - თქვა ჭკადუამ.
ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი 6 ივლისს დააკავეს. შსს-ს განცხადებით, თბილისის აეროპორტში გამგზავრების ტერმინალში, რამიშვილის ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.
უწყების ცნობით, ამოღებული იარაღი ბიზნესმენის სახელზე იყო რეგისტრირებული, თუმცა ტარების უფლება არ ჰქონდა.





