სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ მხარი დაუჭირა მის საგარეო საქმეთა მინისტრს, იურაი ბლანარს, რომელიც "მომხდარის გამო რუსეთისთვის ყველაფრის მიტევების" წინადადებით გამოვიდა.
ფიცომ ბლანარი შეაქო და აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის ის ადამიანი, რომელიც "იმეორებს იმას, რაც მისგან მოსალოდნელია."
"არსებობს რაღაცები, რაზეც მას თავისი სუვერენული აზრები აქვს და მე ეს მომწონს," დაამატა მან.
ცნობისთვის, 29 ივნისს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად რუსეთთან კომუნიკაციის აღდგენაა საჭირო და გამოვიდა წინადადებით, რომ დასავლეთმა რუსეთს, "იქნებ, აპატიოს კიდეც ყველაფერი, რაც მოხდა".
ბლანარის თანახმად, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაიჭრება და ასეთი კონფლიქტების "დიპლომატიური გზებით და საერთაშორისო სამართლის დაცვით" თავიდან არიდებაა საჭირო.
"მოდით, დავუბრუნდეთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემას და რუსეთის ფედერაციასთან კომუნიკაციის გზები გამოვნახოთ. იქნებ, ვაპატიოთ კიდეც ყველაფერი, რაც მოხდა". - თქვა ბლანარმა.
ბლანარის პასუხად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ დაწერა, რომ რუსეთის დანაშაულების ძირითადი მიზეზი მისი დაუსჯელობის განცდაა და რუსეთი "მეორე ლოყაზეც გაგარტყამს სილას".
"იურაი, რუსეთის დაუსჯელობის განცდა არის მისი დანაშაულების საფუძველი. გულუბრყვილობაა, მოელოდე, რომ კრიმინალი შეჩერდება, თუ დასჯის ნაცვლად დანაშაულს შეუნდობ. რუსეთი მეორე ლოყაზეც გაგარტყამს სილას. ვისაც ამ ომში არავინ არ დაუკარგავთ, მსგავსი განცხადებების კეთების არანაირი უფლება არ აქვთ". - დაწერა სიბიჰამ X-ზე.
აღსანიშნავია, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა რუსეთის წინააღმდეგ EU-ს მე-18 სანქციების პაკეტი ისევ დაბლოკეს. ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ბოლო, მე-18 პაკეტზე შეთანხმება ვერ შეძლო.
სანქციების პაკეტის შემოთავაზებულ პროექტს უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციების ეწინააღმდეგებოდნენ.
როგორც The Guardian წერს, მათ განსაკუთრებით გააპროტესტეს პროექტის მიერ გათვალისწინებული ზომა, რომელიც რუსული ენერგორესურსების იმპორტის ეტაპობრივ შეწყვეტას გულისხმობდა.
უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ სლოვაკეთი და უნგრეთი ქვეყანა "ერთი გუნდის წევრია" და დაამატა, რომ "ჩვენ ვერ მივიღებთ ევროკავშირის წინადადებას, რომლის მიხედვითაც რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვა გვეკრძალება".





