კანიე უესტი

ავსტრალიამ ქანიე უესტს ნაციზმის პოპულარიზაციის გამო ვიზა გაუუქმა

კანიე უესტი 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე
Photo: Javier Rojas/PI/ZUMA Press Wire/REX/Shutterstock

კონტროვერსულ ამერიკელ პროდიუსერსა და ჰიპ ჰოპ არტისტს, ქანიე უესტს ავსტრალიამ ნაციზმის პოპულარიზაციის გამო ვიზა გაუუქმა

საუბარია მუსიკოსის მიერ 8 მაისს გამოქვეყნებულ კომპოზიციაზე, რომლის ლირიკა და რეფრენი ღიად ნაცისტურ მესიჯებს შეიცავს - აღნიშნულ რეფრენში, მუსიკოსი ამბობს "დიდება ჰიტლერს".

ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ტონი ბურკის თქმით, ქანიეს მიერ მანამდე გაკეთებულ ანტი-სემიტურ განცხადებებს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა არ მოუხდენია - ავსტრალიის მთავრობამ ვიზის გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კომპოზიციის რელიზის შემდეგ მიიღო.

ცნობისთვის, 2022 წლის მიწურულს კანიე უესტმა რამდენიმე განცხადებით კარიერა დაისამარა - ცნობილი ჰიპ-ჰოპ არტისტი ანტისემიტური გამონათქვამების გამო გააკრიტიკეს.

სექტემბერში მუსიკოსთან ურთიერთობა გაწყვიტა ტანსაცმლის ბრენდმა Gap. შემდეგ ჰიპ ჰოპ არტისტთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა მოდის სახლმა Balenciaga-მ და ბრენდმა Adidas. გარდა ამისა ერთ-ერთმა კინოსტუდიამ არ გამოუშვა დოკუმენტური ფილმი, რომელიც უესტის ცხოვრებას ეფუძნებოდა. მსხვილ კომპანიებთან კონტრაქტების გაწყვეტის შემდეგ მომღერალი Forbes-ის მილიარდერთა სიიდან ამოვარდა.

უესტმა მოგვიანებით განაცხადა რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყრიდა კენჭს, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ვიცეპრეზიდენტის პოსტს დონალდ ტრამპს შესთავაზებდა.

დეკემბერში უესტმა ალექს ჯონსის გადაცემაში განაცხადა:

"ჰიტლერის დადებით მხარეებსაც ვხედავ. მან გამოიგონა გზატკეცილები, მიკროფონი, რომელსაც დღემდე მუსიკის ჩასაწერად ვიყენებ. ხმამაღლა ვერ იტყვი, რომ ამ ადამიანს კარგი არაფერი გაუკეთებია".

კომენტარები