საქართველო-ისრაელი

იმედგამაცრუებელია ხვთისიაშვილის ირანის სოლიდარობის ღონისძიებაზე ყოფნა - ისრაელის საელჩო

ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი
ირანის საელჩო

"შევშფოთდით, როდესაც გავიგეთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილ თბილისში, ირანის საელჩოში სოლიდარობის ღონისძიებას დაესწრო" - ასე ეხმაურება ისრაელის საელჩო მაკა ბოჭორიშვილის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე მისვლას.

"მაშინ, როცა დასავლეთი გმობს ირანის თავდასხმებს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე და მხარს უჭერს მისი ბირთვული და გენოციდური ამბიციების შეჩერების მცდელობებს, ღრმად იმედგამაცრუებელია იმის ნახვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობს. ეს მორალურად არასწორია“ - წერია განცხადებაში, რომელსაც ისრაელის საელჩომ მედიას, მათ შორის ტაბულას გამოუგზავნა. 

იქამდე, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია ღონისძიებაზე, რომელიც მათი თქმით, ეძღვნებოდა "ირანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნას".

"ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, აგრეთვე თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები – მათ შორის თურქმენეთის, ყაზახეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის ელჩები, ერაყის საქმეთა რწმუნებული, ჩინეთის სამხედრო ატაშე, ასევე რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე, ირანული დიასპორის წევრები და ქართველი ირანისტები.

მათ საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გააკეთეს ჩანაწერები, გამოთქვეს თავიანთი სამძიმარი და სოლიდარობა ირანის მიმართ.

დიდ მადლიერებას ვუცხადებთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ამ რთულ პერიოდში გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანაგრძნობისთვის" - წერს ირანის საელჩო.

კომენტარები