საქართველოში ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი ითამარ ბენ-გვირი იმყოფება - მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ქართული ოცნების სამთავრობო უწყებებიდან, ჯერჯერობით, მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
Israel National News-ის ცნობით, ბენ-გვირი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 24 აგვისტოს ჩამოვიდა, იმავე დღეს შეხვდა ივანიშვილის პრემიერს, ირაკლი კობახიძეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი და შს მინისტრი, გეკა გელაძე.
გამოცემის ცნობითვე, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი საქართველოში ივანიშვილის შს მინისტრის, გეკა გელაძის მიწვევით იმყოფება.
"ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელებმა შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გაამახვილეს არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე. მხარეებმა, ასევე, ხაზი გაუსვეს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას.
გეკა გელაძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის ისრაელის მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებისთვის. იტამარ ბენ გვირმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და მზაობა გამოთქვა პრიორიტეტული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები, ისრაელის სახელმწიფოს ელჩი საქართველოში ვალიდ აბუ ჰაია და საელჩოს წარმომადგენლები" - ნათქვამია ივანიშვილის შს სამინისტროს მიერ 25 აგვისტოს გავეცელებულ ინფორმაციაში.
Israel National News წერს, რომ კვირას გამართულ შეხვედრაზე ბენ-გვირმა განაცხადა: "ისრაელის სახელმწიფო ამარცხებს ირანსა და ჰეზბოლას, აგრეთვე ღაზაში ებრძვის ჰამასს. კაცობრიობამ არ უნდა დაუშვას, რომ ჰამასი ღაზაში დარჩეს - ის უნდა განადგურდეს".
მედია ასევე წერს, რომ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა შეხვედრაზე ასევე წარადგინა ფოტოები, სადაც ასასხულია ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების სატვირთოების გატაცება და "ხაზი გაუსვა, რომ ჰამასის პროპაგანდის მიუხედავად, სექტორში არც შიმშილია და არც საკვების დეფიციტი. ბენ-გვირმა საქართველოს პრემიერმინისტრს მოუწოდა, შეუერთდეს მძევლების გათავისუფლებისკენ მოწოდებებს".
გამოცემის ცნობით, კობახიძემ განაცხადა, რომ სურთ "ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის კავშირის გაძლიერება". "ჩვენ გვაკავშირებს შესანიშნავი ურთიერთობა საქართველოში მცხოვრებ ებრაულ თემთან და იმ უამრავ ტურისტთან, ვინც ჩვენს ქვეყანას სტუმრობს. სიამოვნებით ვესტუმრებით ისრაელს" - თქვა კობახიძემ მედიის ცნობით.
ეს ისრაელის მაღალი თანამდებობის პირების პირველი ვიზიტია საქართველოში, 2023 წლის 7 ოქტომბრის, ჰამასის ტერორისტული აქტისა და ომის დაწყების შემდეგ.
ტაბულა დეტალების დასაზუსტებლად ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.





