აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ "ისრაელი დათანხმდა საჭირო პირობებს, რათა მიღწეული იქნას" ჰამასთან ღაზის სექტორში 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
ტრამპის თქმით, ორთვიანი ზავის განმავლობაში მისი ადმინისტრაცია "ყველა მხარესთან იმუშავებს, რათა ომი დასრულდეს".
"დღეს ჩემს წარმომადგენლებს ღაზის სექტორთან დაკავშირებით ისრაელის მხარესთან ხანგრძლივი და პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდათ. ისრაელი დათანხმდა საჭირო პირობებს, რათა მიღწეული იყოს 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რა პერიოდშიც ჩვენ ყველა მხარესთან ვიმუშავებთ ომის დასასრულებლად. კატარელები და ეგვიპტელები, რომლებმაც ძალიან ბევრი იმუშავეს მშვიდობის დასამყარებლად, საბოლოო წინადადებას [ჰამასს] გადასცემენ. იმედი მაქვს, ახლო აღმოსავლეთის სასიკეთოდ, ჰამასი ამ შეთანხმებას დათანხმდება, რადგან ამის გაუმჯობესება არ იქნება - მხოლოდ გაუარესდება." - დაწერა ტრამპმა.
გამოცემა Times of Israel-ის ცნობით, ტრამპის განცხადების მიუხედავად, ერთ-ერთი არაბული შუამავალი ქვეყნის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში დაბრკოლებები კვლავ არსებობს.
შემდეგ კვირას პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლში ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს უმასპინძლებს და მასთან მოლაპარაკებებს გამართავს იმ ფონზე, როცა იგი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევას ცდილობს.
ვაშინგტონში ნეთანიაჰუს ვიზიტი რიგით მესამე იქნება იანვარში ტრამპის მეორე ინაუგურაციის შემდეგ. ხოლო ვიზიტის დანიშვნამდე აშშ ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ ისრაელის საჰაერო იერიშების კამპანიაში ჩაერთო და თეირანის ბირთვული პროგრამის სამი უმთავრესი ობიექტი - ფორდო, ნათანზი და ისპაანი - დაბომბა.
თუმცა, მას შემდეგ ტრამპმა ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას უშუამავლა და მიანიშნა, რომ ახლა ყურადღებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას დაუთმობს.
ამასთან, ტრამპმა 27 ივნისს განაცხადა, რომ "ჩვენი აზრით, მომდევნო კვირაში ცეცხლის შეწყვეტას მივაღწევთ" ღაზაში, თუმცა ამის შესახებ დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.





