ნარკოპოლიტიკა

5 გრამზე მეტი მარიხუანას შეძენა-შენახვაზე 6 წლამდე პატიმრობა დაგეკისრებათ - კანონპროექტი

ქართული ოცნება მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობას ამკაცრებს. შესაბამისი ცვლილებები როგორც სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის.

კანონპროექტს ოცნება დაჩქარებული წესით განიხილავს. მას ივანიშვილის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე 1-ელი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირეს.

კომიტეტზე კანონპროექტი ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ წარადგინა. მან ისაუბრა, თუ რა რაოდენობის მცენარე კანაფისა და მარიხუანას შეძენაზე, შენახვაზე, დამზადებაზე, წარმოებაზე, გადაზიდვასა და გადაგზავნაზე რა სახის სასჯელი განისაზღვრება.

"მცენარე კანაფის 10-დან 155 გრამამდე, ნედლი მარიხუანას 10-დან 140 გრამამდე, გამომშრალი მარიხუანას 5-დან 70 გრამამდე შეძენა და შენახვა 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გამოიწვევს - ხოლო უკანონო დამზადება, წარმოება, გადაგზავნა ან გადაზიდვა კი 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით განისაზღვრება. 

მცენარე კანაფის 155-დან 750 გრამამდე, ნედლი მარიხუანას 140-დან 500 გრამამდე, გამომშრალი მარიხუანას 70-დან 250 გრამამდე შეძენა/შენახვა 5-დან 8 წლამდე პატიმრობას გამოიწვევს - დამზადება, წარმოება, გადაზიდვა და გადაგზავნა კი 6-დან 9 წლამდე

მცენარე კანაფის ან მარიხუანას ფლობა სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებში, იმავე რეჟიმში მოექცევა, რაც სხვა ნარკოტიკულ საშუალებებზეა დადგენილი. კერძოდ - 10 გრამამდე კანაფის, 10 გრამამდე ნედლი მარიხუანასა და 5 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გადაგზავნა პირველ შემთხვევაზე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს, ხოლო გამეორების შემთხვევაში კი სასჯელის სახედ ჯარიმა, ან საზოგადოებითვის სასარგებლო შრომა, ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრება.". - თქვა გორდულაძემ.

ცვლილებებით, გამკაცრებული ნორმები შეეხება მცენარე კანაფის მოყვანასა და კულტივაციასაც. კერძოდ, 155 გრამამდე მცენარე კანაფის მოყვანისთვის განისაზღვრება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან შინაპატიმრობა.

ასევე, კანონპროექტით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 6 წლამდე.

არჩილ გორდულაძემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მკაცრდება სასჯელი კანაფის თესლის გაყიდვისთვისაც.

"10 გრამამდე მცენარე კანაფის კულტივაცია ფიზიკური პირის 500-დან 5 000 ლარამდე დაჯარიმებას ან 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობას გამოიწვევს. 

კანაფის თესლის, ანუ კულტივაციისთვის საჭირო პროდუქტის გაყიდვა 500-დან 5 000 ლარამდე ჯარიმას, ან 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს". - თქვა გორდულაძემ.

კომენტარები