ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

შემდეგი კვირის განმავლობაში ნეთანიაჰუ ვაშინგტონში ტრამპთან შეხვედრას გეგმავს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ
AP Photo/ Mark Schiefelbein

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ ორშაბათს, 7 ივლისს, თეთრ სახლში ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს უმასპინძლებს და მასთან მოლაპარაკებებს გამართავს იმ ფონზე, როცა იგი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევას ცდილობს. 

გამოცემა Associated Press-ის ინფორმაციით, თეთრ სახლში ნეთანიაჰუს მორიგი ვიზიტის შესახებ ცნობა ტრამპის ადმინისტრაციის ორმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა. 

თავის მხრივ, ნეთანიაჰუმ 1-ელ ივლისს ასევე დაადასტურა, რომ მომავალ კვირაში ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან და მოწინავე ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრას გეგმავს. ისრაელის პრემიერის თქმით, ტრამპის გარდა იგი ასევე ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთსაც შეხვდება. 

ვაშინგტონში ნეთანიაჰუს ვიზიტი რიგით მესამე იქნება იანვარში ტრამპის მეორე ინაუგურაციის შემდეგ. ხოლო ვიზიტის დანიშვნამდე აშშ ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ ისრაელის საჰაერო იერიშების კამპანიაში ჩაერთო და თეირანის ბირთვული პროგრამის სამი უმთავრესი ობიექტი - ფორდო, ნათანზი და ისპაანი - დაბომბა. 

თუმცა, მას შემდეგ ტრამპმა ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას უშუამავლა და მიანიშნა, რომ ახლა ყურადღებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას დაუთმობს. 

ამასთან, ტრამპმა 27 ივნისს განაცხადა, რომ "ჩვენი აზრით, მომდევნო კვირაში ცეცხლის შეწყვეტას მივაღწევთ" ღაზაში, თუმცა ამის შესახებ დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია. 

ამას გარდა, ივნისის ბოლოს ებრაულ მედიაში წერდნენ, რომ ტრამპი ნეთანიაჰუს ღაზის სექტორში ომის დასრულებისკენ უბიძგებდა და ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესის გაუქმების შესახებ ტრამპის მოთხოვნაც ამ ძალისხმევასთან იყო კავშირში. 

ცნობისთვის, ტრამპმა 25 ივნისს Truth Social-ზე გავრცელებულ პოსტში ისრაელს პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეწყალებისკენ ან კორუფციის საქმეზე სასამართლოს გაუქმებისკენ მოუწოდა და დაამატა, რომ აშშ ნეთანიაჰუს ისევე გადაარჩენს, როგორც მან ისრაელი გადაარჩინა. 

კომენტარები