აშშ-NATO

ბრიუსი: რაც რუსეთს აწუხებს არის ის ფაქტი, რომ NATO შემაკავებელი ძალის როლს უბრუნდება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ტემი ბრიუსი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთს აწუხებს NATO-ს დაბრუნება მის თავდაპირველ როლთან, როგორც შემაკავებელი ძალა.

"რაც, როგორც ჩანს, რუსეთს აწუხებს არის ის ფაქტი, რომ NATO მტკიცედ უბრუნდება თავის თავდაპირველ ფესვებს – შემაკავებელი ძალისა. სწორედ ეს არის რაც ალიანსს ევალება. ალიანსის პროგრესი თავდაცვის სფეროში აღსანიშნავია. ჩვენ, რა თქმა უნდა, სრულად მხარს ვუჭერთ NATO-ს და მისი როლი არის მნიშვნელოვანი ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის". - თქვა ბრიუსმა.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვი თავდაცვის ბიუჯეტის შემცირებას გეგმავდა, თუმცა დაამატა, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებამ თავიანთი თავდაცვის ხარჯის გაზრდის შესახებ, შესაძლოა, ალიანსის დაშლა გამოიწვიოს. 

კითხვაზე, თუ რას იტყოდა იგი პოლონეთის საგარეო მინისტრის, რადოსლავ შიკორსკის განცხადებაზე, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის შეიარაღების რბოლა პუტინის დამხობას გამოიწვევდა, ლავროვმა უპასუხა, რომ მისი აზრით, თავდაცვის ბიუჯეტის "კატასტროფული" გაზრდით NATO დაიშლება. 


ცნობისთვის, ჰააგის სამიტზე NATO-ს წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვის ხარჯებს მშპ-ს 2%-დან მშპ-ს 5%-მდე გაზრდიდნენ. ალიანსის ქვეყნების მიერ მიღებულ საერთო დეკლარაციაში ასევე უკრაინის მხარდამჭერი ჩანაწერიც გაკეთდა, რომელშიც NATO-ს ლიდერებმა აღნიშნეს, რომ უკრაინის უსაფრთხოება ნაწილია მათი უსაფრთხოების. 

"მოკავშირეები კვლავ ადასტურებენ თავიანთ მტკიცე სუვერენულ ვალდებულებას უკრაინის მხარდაჭერისადმი, რომლის უსაფრთხოებაც ჩვენი უსაფრთხოების ნაწილია და ამ მიზნით მოკავშირეთა თავდაცვით ხარჯებში გაითვალისწინებენ უკრაინის თავდაცვისა და მისი თავდაცვის ინდუსტრიისთვის გაწეულ პირდაპირ წვლილს." - წერია დეკლარაციაში.

მოგვიანებით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ სამიტი "შესანიშნავი" იყო და მას ისტორიაში "ყველაზე ერთიანი და პროდუქტიული" უწოდა. მისი თქმით, შეთანხმებული მშპ-ს 5%-იანი ბიუჯეტი NATO-ს "რეალურ ძალას" ანიჭებს. 

ამასთან, სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ NATO-ს ქვეყნების ლიდერებს "ძალიან უყვართ თავიანთი ქვეყნები" და "მათი დაცვა სურთ," რისთვისაც მათ "ამერიკის დახმარება სჭირდებათ".

"აქედან მივდივარ იმ ფიქრით, რომ ამ ადამიანებს ძალიან უყვართ თავიანთი ქვეყნები, ეს არ არის ფულის მოპარვა და ჩვენ აქ ვართ, რათა მათ საკუთარი ქვეყნის დაცვაში დავეხმაროთ." - თქვა ტრამპმა.

ჰააგის სამიტის შემდეგ, ლავროვი ამბობდა, რომ თავდაცვის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით NATO-ს გადაწყვეტილებას რუსეთის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება. ხოლო ვლადიმირ პუტინმა 27 ივნისს მინსკში განაცხადა, რომ მომავალი წლიდან რუსეთი სამხედრო ხარჯების შემცირებას გეგმავს.

კომენტარები