ევროპის თავდაცვის პოლიტიკა

ლავროვის მტკიცებით, NATO-ს მიერ თავდაცვის ხარჯის ზრდა ალიანსის კოლაფსს გამოიწვევს

სერგეი ლავროვი
Photo: Handout/RUSSIAN FOREIGN MINISTRY/AFP

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 30 ივნისს განაცხადა, რომ მოსკოვი თავდაცვის ბიუჯეტის შემცირებას გეგმავდა, თუმცა დაამატა, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებამ თავიანთი თავდაცვის ხარჯის გაზრდის შესახებ, შესაძლოა, ალიანსის დაშლა გამოიწვიოს. 

კითხვაზე, თუ რას იტყოდა იგი პოლონეთის საგარეო მინისტრის, რადოსლავ შიკორსკის განცხადებაზე, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის შეიარაღების რბოლა პუტინის დამხობას გამოიწვევდა, ლავროვმა უპასუხა, რომ მისი აზრით, თავდაცვის ბიუჯეტის "კატასტროფული" გაზრდით NATO დაიშლება

"ვინაიდან მას [შიკორსკის] ასეთი პროგნოზი შეუძლია, მას ალბათ, შეუძლია იწინასწარმეტყველოს, რომ NATO-ს ქვეყნების [თავდაცვის] ბიუჯეტის კატასტროფული ზრდა, ჩემი გათვლებით, ამ ორგანიზაციის [NATO-ს] კოლაფსსაც გამოიწვევს," თქვა ლავროვმა. 

ცნობისთვის, ჰააგის სამიტზე NATO-ს წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვის ხარჯებს მშპ-ს 2%-დან მშპ-ს 5%-მდე გაზრდიდნენ. ალიანსის ქვეყნების მიერ მიღებულ საერთო დეკლარაციაში ასევე უკრაინის მხარდამჭერი ჩანაწერიც გაკეთდა, რომელშიც NATO-ს ლიდერებმა აღნიშნეს, რომ უკრაინის უსაფრთხოება ნაწილია მათი უსაფრთხოების. 

"მოკავშირეები კვლავ ადასტურებენ თავიანთ მტკიცე სუვერენულ ვალდებულებას უკრაინის მხარდაჭერისადმი, რომლის უსაფრთხოებაც ჩვენი უსაფრთხოების ნაწილია და ამ მიზნით მოკავშირეთა თავდაცვით ხარჯებში გაითვალისწინებენ უკრაინის თავდაცვისა და მისი თავდაცვის ინდუსტრიისთვის გაწეულ პირდაპირ წვლილს." - წერია დეკლარაციაში.

მოგვიანებით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ სამიტი "შესანიშნავი" იყო და მას ისტორიაში "ყველაზე ერთიანი და პროდუქტიული" უწოდა. მისი თქმით, შეთანხმებული მშპ-ს 5%-იანი ბიუჯეტი NATO-ს "რეალურ ძალას" ანიჭებს. 

ამასთან, სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ NATO-ს ქვეყნების ლიდერებს "ძალიან უყვართ თავიანთი ქვეყნები" და "მათი დაცვა სურთ," რისთვისაც მათ "ამერიკის დახმარება სჭირდებათ".

"აქედან მივდივარ იმ ფიქრით, რომ ამ ადამიანებს ძალიან უყვართ თავიანთი ქვეყნები, ეს არ არის ფულის მოპარვა და ჩვენ აქ ვართ, რათა მათ საკუთარი ქვეყნის დაცვაში დავეხმაროთ." - თქვა ტრამპმა.

ჰააგის სამიტის შემდეგ, ლავროვი ამბობდა, რომ თავდაცვის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით NATO-ს გადაწყვეტილებას რუსეთის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება. ხოლო ვლადიმირ პუტინმა 27 ივნისს მინსკში განაცხადა, რომ მომავალი წლიდან რუსეთი სამხედრო ხარჯების შემცირებას გეგმავს.

კომენტარები