CBS News-ს ორმა წყარომ, რომლებსაც შესაბამისი დოკუმენტი აქვთ ნანახი, აცნობა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღმასრულებელ ბრძანებას მალე მოაწერს ხელს, რომელიც სირიაზე დაწესებული სანქციების შემსუბუქებას ითვალისწინებს.
მოსალოდნელი აღმასრულებელი ბრძანება ტრამპის განცხადებას მოჰყვება, რომელიც მან მაისში, ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის დროს გააკეთა და რომელშიც აღნიშნა, რომ აშშ მთლიანად გააუქმებს სანქციებს სირიის მიმართ.
ახლო აღმოსავლეთში ვიზიტისას ტრამპი შეხვდა სირიის დროებითი მთავრობის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სირიის გარდამავალი მთავრობა თვეების განმავლობაში სთხოვდა ტრამპის ადმინისტრაციას სანქციების მოხსნას და ზოგიერთი სანქციის შესამსუბუქებლად სამუშაოები ჯერ კიდევ მაისის განცხადებამდე მიმდინარეობდა.
გამოცემის მიხედვით, სანქციების ნაწილი კონგრესის მხრიდან ოფიციალურ გაუქმებას საჭიროებს. ზოგიერთი სანქცია კი სირიის მიმართ ჯერ კიდევ 1979 წლიდან მოქმედებს - იმ დროიდან, როცა სირია ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ გამოცხადდა.





