აშშ-სირია

ტრამპი სირიის პრეზიდენტს შეხვდა და სირიას, რუსეთ-ირანზე გამონაკლისებით, სანქციები მოუხსნა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა თეთრ სახლში, 10 ნოემბერი, 2025
თეთრი სახლი

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 10 ნოემბერს თეთრ სახლში სირიის ახალ პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას გაუმასპინძლდა, რის პარალელურადაც აშშ-მ სირიას ყველაზე მკაცრი სანქციები დამატებით 180 დღით ნაწილობრივ მოუხსნა. 

შარაას ტრამპთან შეხვედრა წარმოადგენდა ისტორიაში სირიის პრეზიდენტის პირველ ვიზიტს ვაშინგტონში. მანამდე, ექვსი თვის წინ, ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს საუდის არაბეთში შეხვდა, სადაც ტრამპმა სირიაზე სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რამდენიმე დღის შემდეგ კი აშშ-მ განაცხადა, რომ აჰმედ ალ-შარაა, რომელიც ალ-კაიდას ყოფილი მეთაური იყო, აღარ შედიოდა ამერიკის ტერორისტთა სიაში. 

შარაა თეთრ სახლში უცერემონიოდ მივიდა, რაც წესისამებრ თან ახლავს უცხოური ქვეყნების წარმომადგენლების ვიზიტს. სირიის პრეზიდენტი შენობაში გვერდითა კარიდან შევიდა, ხოლო ოვალურ ოფისში არ შეუშვეს რეპორტიორები, რომლებიც ჩვეულებისამებრ ქვეყნების ლიდერებს შორის მოლაპარაკებების დაწყებამდე შეხვედრას ესწრებიან ხოლმე. 

მალევე აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ "კეისრის აქტის" სანქციების შემოღებაზე 23 მაისს სირიისთვის გამოცხადებულ შეღავათს ახალი ბრძანება ჩაანაცვლებს, რომლითაც, როგორც ჩანს, საშეღავათო პერიოდი დამატებით 180 დღით გახანგრძლივდება. 

თუმცა, გამონაკლისია "რუსეთისა და ირანის მთავრობების ჩართულობით გარკვეული ტრანზაქციები ან რუსული ან ირანული წარმოშობის პროდუქციის, ტექნოლოგიის, პროგრამული საშუალებების, ფინანსების, დაფინანსების ან სერვისების პროვიზიების გადაცემა," განაცხადა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა. 

კომენტარები