20 დეკემბერს ტრამპის ადმინისტრაციამ სირიაში ე.წ ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ იერიში მიიტანა.
აშშ-ს განცხადებით, იერიშები ე.წ ისლამური სახელმწიფოს მიერ ჩასაფრებული თავდასხმის პასუხი იყო, რომელმაც თითქმის ერთი კვირის წინ ორი ამერიკელი სამხედრო და ერთი ამერიკელი სამოქალაქო თარჯიმანი იმსხვერპლა.
აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ცნობით, იერიშის დროს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 70-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს და გამანადგურებელი თვითმფრინავების, შემტევი ვერტმფრენებისა და სარაკეტო არტილერიის კომბინაციით, გამოყენებული იქნა 100 საბრძოლო საშუალება.
აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ განცხადებაში ასევე დაადასტურა, რომ დარტყმებში იორდანიის გამანადგურებელი თვითმფრინავებიც მონაწილეობდნენ.
"ეს არ არის ომის დასაწყისი - ეს არის შურისძიების გამოცხადება. ამერიკის შეერთებული შტატები, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, არასოდეს დააყოვნებს და არასოდეს დაიხევს უკან ჩვენი ხალხის დასაცავად" - განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა სოციალურ ქსელში.
ტრამპმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ დარტყმები ხორციელდებოდა "სირიაში ‘ისლამური სახელმწიფოს’ გამაგრებულ პოზიციებზე" და რომ სირიის ახალი მთავრობა "სრულად უჭერს მხარს" ამ ქმედებებს.





