სირიის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა და აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს თეთრ სახლში შეხვდება.
შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-მ ალ-შარაა და სირიის შინაგან საქმეთ მინისტრი, ანას ხატაბი ტერორისტების სიიდან ამოშალა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სირიის პრეზიდენტი თეთრ სახლს ეწვია.
ვაშინგტონში ალ-შარაას ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე სირიის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომ სირიაში ტერორისტული დაჯგუფების, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) 71 სავარაუდო წევრი დააკავეს და შეიარაღება და ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს.
შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბერს გაერთიანებულმა სამეფომ სირიის პრეზიდენტსა და შინაგან საქმეთა მინისტრს სანქციები მოუხსნა.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ გადაწყვეტილება გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაასა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ანას ხატაბის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნიდან მეორე დღეს მიიღო.
ცნობისთვის, 13-წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ, 2024 წლის დეკემბერში, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ისლამისტური ჯგუფის ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის (HTS) ხელმძღვანელობით მოქმედი ამბოხებული ძალების სწრაფი შეტევის შედეგად ჩამოაგდეს.
ზოგადად, 2016 წლამდე HTS სირიაში ალ-კაიდას ოფიციალური ფრთა იყო. 2014 წლის მაისიდან ჯგუფი გაეროს უშიშროების საბჭოს ალ-კაიდასა და ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიაშია.
HTS-ის ზოგიერთი წევრი გაეროს სანქციების ქვეშ იმყოფებოდა, მათ შორის, მისი ლიდერი შარაა და ხატაბიც.





