უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეციალურ ოპერაციულ ძალებთან ერთობლივი იერიშის შედეგად ორი რუსული Су-34 ტიპის ბომბდამშენი გაანადგურეს, ხოლო ორი დააზიანეს.
გამანადგურებლები რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში მდებარე მარინოვკას ავიაბაზაზე იყვნენ განთავსებულები.
"უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა და უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარეს ერთობლივი სპეციალური ოპერაცია, რომლის შედეგადაც მარინოვკას ავიაბაზაზე განადგურდა ორი რუსული Су-34 და დაზიანდა კიდევ ორი". - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციისას შორ მანძილზე მოქმედი დრონები გამოიყენეს.
Ukrainska Pravda-ს ინფორმაციით, იერიშის შედეგად ტექნიკური მომსახურების ზონაში ხანძარი გაჩნდა. ავიაბაზის ამ ნაწილს რუსული მხარე თვითმფრინავების საბრძოლო მზადყოფნაში მოსაყვანად, რეგულარული მომსახურებისა და რემონტისთვის იყენებს.





