საკანონმდებლო ცვლილება

სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღებაზე გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც, იზღუდება სასამართლო პროცესების გაშუქება. 

ამასთან ერთად, გორდულაძის თქმით, "ზუსტდება, რომ ნებისმიერ პირი, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ სივრცეში, თუ მოსამართის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს, ვერბალური, უხამსი ქმედებით და ეს უკავშირდება მოსამართლის სტატუსს - გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას".

"სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა აუცილებელია და ამავდროულად, მართლმსაჯულების განსახორციელებლად უმნიშვნელოვანესია, რომ სისტემაში არ მოხდეს, გინდა გარედან, გინდა შიგნიდან, ნებისმიერი პირისგან ჩარევა, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, შეიმუშაოს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც მაქსიმალურად მოახდენს სასამართლო სისტემაში ჩარევის, ზეწოლის, პასუხს მოთხოვნის შესაძლებლობის პრევენციას. ამავდროულად, მართლმსაჯულებას უნდა შეეძლოს იოპერიროს ისე, რომ მოემსახუროს საზოგადოებას [...] მნიშვნელოვანია, რომ მისი სასამართლოს საქმიანობა მორგებული იყოს თანამედროვე რეალობას, გამოწვევებს და პრაქტიკაში არსებული საკითხები დაზუსტდეს.

კანონპროექტით, ნებისმიერ პირს, რომელიც მოსამართლის ან სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მიზნით ცდილობს მოსამართლესთან არასათანადო კომუნიკაციას, ჩაითვლება დაინტერესებულ პირად და ნებისმიერი ფორმით გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით თუ კომუნიკაციას მოახდენს, ეს იქნება აკრძალული და გამოიწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას;

ამასთან ერთად, ზუსტდება, რომ ნებისმიერ პირი, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ სივრცეში, თუ მოსამართის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს, ვერბალური, უხამსი ქმედებით და ეს უკავშირდება მოსამართლის სტატუსს - გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

შემდეგი საკითხია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჯაროება. ნაცვლად მოქმედი რედაქციისა, სასამართლო გადაწყვეტილები გასაჯაროვდება საქმეზე შესაბამისი სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

მოქმედი რედაქციის მიხედვით, ყველას აქვს შესაძლებლობა სასამართლო დარბაზში ფოტო-ვიდეო გადაღების და სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ნორმა, რომელიც არის აღმჭურველი და რომლის მიზანიც არის, რომ თუ საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს რომელიმე სხდომასთან დაკავშირებით, ეს ინტერესი დაკმაყოფილდეს, ამას ბოროტად იყენებენ ადამიანები და ცდილობენ დარბაზში მოაწყონ შოუ და არაერთი გვინახავს - გადაწყვეტილების პოლიტიზების მცდელობები.

[...] ერთი მხრივ, აუცილებელია რომ მოსამართლეს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მიიღოს გადაწყვეტილება მშვიდ გარემოში, რომ მიიღოს გადაწყვეტილება მტკიცებულებებზე დაყრდნობით, და ამავდროულად, საზოგადოების ინტერესიც რომ იყოს დაკმაყოფილებული, ბალანსი უნდა იყოს დაცული, რასაც უზრუნველყოფს აღნიშნული ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, ასევე დარბაზთან მისასვლელ ჰოლშიც და სასამართლო ეზოშიც ფოტო-კინო გადაღება, ვიდეო გადაღება, ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო, ან სასამართლოსგან უფლებამოსილი პირი.

სასამართლოს თავად ექნება შესაძლებლობა გაავრცელოს პროცესის ფოტო-ვიდეო-კინო მასალები და ამავდროულად, ინიცირებული ვერსიისგან განსხვავებით, კონკრეტულ სასამართლო პროცესზე, სასამართლო სხდომაზე გთავაზობთ, ფოტო-ვიდეო გადაღების დასაშვებობასთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. ამ მხრივ მივიღებთ ბალანსს". - თქვა გორდულაძემ.

ოცნების მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტით, მედიებისთვის სასამართლო სხდომების გაშუქება მნიშვნელოვნად შეიზღუდება - აღნიშნულ კანონპროექტს, ივანიშვილის პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

კომენტარები