ირაკლი ოქრუაშვილის საქმე

ოქრუაშვილს ახალი ბრალი სიცოცხლის მოსპობის მუქარის მუხლით წარუდგინეს - პროკურატურა

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ახალი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1 ნაწილით წარუდგინეს, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს. ტაბულას ინფორმაცია პროკურატურაში დაუდასტურეს.

მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასოციდან ასოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის თქმით, "2 წლის წინანდელ, რაღაც ბანალურ, ყოფით თემაზე ბრალი წაუყენებიათ".

14 მაისს, ირაკლი ოქრუაშვილს წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო დაკისრებული გირაოს გადაუხდელობისთვის პატიმრობა შეეფარდა. ის სასამართლო დარბაზში დააკავეს. იქამდე, 8 აპრილს თავდაცვის ყოფილ მინისტრს სასამართლომ 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და საზღვრის კვეთა აუკრძალა.

კომენტარები