ირაკლი ოქრუაშვილის საქმე

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის საქმის განხილვა განაახლა, პროცესი 13 ოქტომბერსაა ჩანიშნული

სასამართლომ პარტია გამარჯვებული საქართველოს ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილი საქმის განხილვა განაახლა. ოქრუაშვილი წერს, რომ პროცესი ხვალ, 13 ოქტომბერს ჩაინიშნა.

"ამ ტუპოი პროკურორებმა ხომ ვერ ისწავლეს ჩემი კალენდარი მე-14 წელია. ხვალ რომ მინიშნავთ სასამართლოს, ხომ უნდა ნახოთ, რომ ცალკე ჩიტოვიჩის დაბადების დღეზე ვარ მისასვლელი და ცალკე ჩემი დის. რამდენად გავიჭრა აღარ ვიცი". – წერს ოქრუაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარისა და წევრის, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმის განხილვაც განახლდა. პროცესი 13 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

მთავარი არხის ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი ბუტა რობაქიძის საქმეს ეხება და მას ბრალად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება. 

ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 5-წლიანი პატიმრობა 13 აპრილს შეუფარდეს. 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოს საერთაშორისო მეგობრები ხელისუფლებისგან დაუყონებლივ მოითხოვდნენ ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას. ამ ფონზე 15 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. 

კომენტარები