გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, გერმანია 2029 წლამდე თავდაცვის ბიუჯეტის ორი-მესამედით გაზრდას აპირებს, რითაც ის თავდაცვის ხარჯის ზრდის ტემპით საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოს გადაუსწრებს.
Financial Times მოპოვებულ საბიუჯეტო გეგმაზე დაყრდნობით წერს, რომ 2029 წელს გერმანიის თავდაცვის ხარჯი €162 მილიარდი იქნება, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს €95 მილიარდით აღემატება. გამოცემის ცნობით, აღნიშნულ გეგმას გერმანიის ფინანსთა მინისტრს, ლარს კლინგბეილს 24 ივნისს წარუდგენენ.
ამასთანავე, აღნიშნული რიცხვი მოიცავს ყოველწლიურად უკრაინისთვის €8.5 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფასაც. FT ასევე აღნიშნავს, რომ ამ გეგმით მომდევნო 4 წლის განმავლობაში გერმანიის თავდაცვის ხარჯი მშპ-ს 3.5%-მდე გაიზრდება, რა მაჩვენებელიც 2025 წელს 2.4%-ს შეადგენდა.
შესაბამისად, გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ გეგმით გერმანია NATO-ს ახალი თავდაცვითი ხარჯის ზღვართან მიმართებით, რაც წელს მშპ-ს 2%-დან მშპ-ს 5%-მდე გაიზარდა, საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოს გადაუსწრებს.
Financial Times-ის ინფორმაციით, ახალ ზღვარს, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოითხოვა, დიდი ალბათობით, NATO-ს ლიდერთა უმეტესობა დაუჭერს მხარს ალიანსის მომავალ სამიტზე ჰააგაში, რომელიც ხვალ, 25 ივნისს, გაიმართება.





