"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ დღეს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ლიტვის მიერ წარდგენილი დოკუმენტი განიხილეს, რომელიც, მათ შორის, საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესაძლო შეჩერებას ეხება.
"ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოზე ლიტვის დოკუმენტი განიხილეს. მრავალი წინადადებაა, მათ შორის, სანქციები და ყველა ფინანსური დახმარების შეჩერება, ასევე მოთხოვნა, რომ ევროკომისიამ EU-სთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაძლო შეჩერებაზე ანგარიში მოამზადოს". - წერს იოზვიაკი X-ზე.
გარდა ამისა, იოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა თქვა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის გამოტანილი სასჯელი არაპროპორციულია და საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭომ ივლისში შესაძლოა მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება განიხილოს.
"კალასმა თქვა, რომ ქართველი ოპოზოციონერი პოლიტიკოსებისთვის მისჯილი ვადები არაპროპორციულია და თქვა, რომ მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება შესაძლებელია. ამ საკითხს ივლისში მოუბრუნდებიან, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრები კვლავ შეხვდებიან". - წერს იოზვიაკი.
ცოტა ხნით ადრე შეხვედრის დაწყებამდე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუტის ბუდრისმა თქვა, რომ შეხვედრაზე ლიტვა საქართველოს შესახებ 6-პუნქტიან ინიციატივას წარადგენდა.
კითხვაზე, კონკრეტულად რას ითვალისწინებს ლიტვის წინადადება, მინისტრმა უპასუხა:
"ჩვენ უკვე გავავრცელეთ ჩვენი წინადადებები და რეკომენდაციები, ჯერ ჩემს კოლეგებთან განვიხილავ ყველაფერს – სამოქალაქო საზოგადოების დამატებითი მხარდაჭერიდან დაწყებული, საქართველოსთან არსებული სავიზო რეჟიმის გადახედვამდე".





