ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

უნგრეთმა და სლოვაკეთმა რუსეთის წინააღმდეგ EU-ს სანქციების მე-18 პაკეტს მხარი არ დაუჭირეს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთმა და სლოვაკეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტს მხარი არ დაუჭირეს.

სიიარტოს თქმით, სასანქციო პაკეტის დაბლოკვა ორმა ქვეყანამ ევროკავშირის მიერ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირების გეგმის გამო გადაწყვიტა.

"ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ევროკავშირი ცდილობს წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის უნგრეთსა და სლოვაკეთს, აუკრძალოს იაფი რუსული ბუნებრივი გაზისა და ნავთობის შეძენა, რასაც ისინი აქამდე აკეთებდნენ". - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

22 ივნისს უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირს მოუწოდა, აშშ-ს მიერ ირანზე მიტანილი იერიშების შემდეგ ენერგოპროდუქტების ფასების მოსალოდნელი ზრდის გამო რუსული ენერგორესურსების აკრძალვის საკითხი დღის წესრიგიდან მოეხსნა.

სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა რობერტ ფიცომ ასევე განაცხადა, რომ სლოვაკეთი არ დაუჭერს მხარს სანქციების პაკეტს, თუ ევროკომისია რუსული ენერგორესურსების უარყოფის შემთხვევაში სლოვაკეთს სხვა გამოსავალს არ შესთავაზებს.

მანამდე, 10 ივნისს, ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის წინადადება წარადგინა, რომელიც რუსეთის ენერგოშემოსავლებს, საბანკო სექტორსა და სამხედრო მრეწველობის სფეროს ეხება.

კომენტარები