ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი გაგზავნა, რათა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის წერილი გადაეცა, რომელშიც პუტინს ისრაელთან კონფლიქტში მეტ დახმარებას სთხოვს. ინფორმაციას Reuters ანონიმურ ირანელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ კრემლი მკაცრად გმობს ისრაელის მიერ 13 ივნისს ირანის წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო ოპერაციასა და აშშ-ს 22 ივნისის იერიშებს ირანის ბირთვული პროგრამის საკვანძო ობიექტებზე, მოსკოვს თეირანისთვის ჯერჯერობით რაიმე სახის დახმარება არ შეუთავაზებია. ამის სანაცვლოდ, პუტინი მზაობას ირანსა და ისრაელს შორის შუამავლობისთვის გამოთქვამს.
Reuters-ის ირანელი წყაროების თქმით, ირანი კმაყოფილი არ არის რუსეთის ამჟამინდელი მხარდაჭერის დონით, ვინაიდან სურს, რომ პუტინმა მეტი გააკეთოს, რათა ისრაელთან და აშშ-სთან კონფლიქტში დაეხმაროს. წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა სახის დახმარებაზეა საუბარი.
კრემლში პუტინი და არაღჩი დღეს, 23 ივნისს უკვე შეხვდნენ. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.
შეხვედრაზე არაღჩიმ და პუტინმა ირანზე ისრაელისა და აშშ-ს იერიშები განიხილეს. პუტინმა მათ "აბსოლუტურად არაპროვოცირებული" უწოდა.
"ეს აბსოლუტურად არაპროვოცირებული აგრესიაა ირანის წინააღმდეგ. ამას არანაირი გამართლება არ აქვს". - თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი და უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი "საუკეთესო სურვილებით" მოიკითხა.





