სააგენტო Rueters-ის ინფორმაციით, NATO-ს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე თვეს ჰააგაში დაგეგმილ სამიტზე მიზნად 2035 წლისთვის თავდაცვის სფეროზე მშპ-ს 5%-ის ხარჯვას დაასახელებენ.
დიპლომატიური წყაროების ცნობით, აღნიშნულ დოკუმენტს მხარი მას შემდეგ დაუჭირეს, რაც ესპანეთის წინააღმდეგობა დაძლიეს.
მანამდე, ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი დოკუმენტის იმ ვერსიას ბლოკავდა, რომელიც აღნიშნულ საკითხს ითვალისწინებდა.
"ჩვენ სრულად ვცემთ პატივს სხვა ქვეყნების სურვილს, გაზარდონ თავდაცვითი ხარჯები, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ". - თქვა სანჩესმა 22 ივნისს ესპანურ ტელევიზიაში გამოსვლისას.
Rueters წერს, რომ სანჩესის წინააღმდეგობა მას შემდეგ დაიძლია, რაც განცხადების ტექსტში სიტყვები "ჩვენ ვკისრულობთ ვალდებულებას" შეცვალეს ფორმულირებით "მოკავშირეები კისრულობენ ვალდებულებას". ეს სანჩესს საშუალებას აძლევს, განაცხადოს, რომ აღნიშნული ვალდებულება ესპანეთს არ შეეხება.
NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, ქვეყნები თავდაცვით ხარჯებს 2%-დან 3.5%-მდე გაზრდიან, ხოლო დამატებით 1.5%-ს სამხედრო ტრანსპორტისთვის გზებისა და ხიდების ადაპტაციასა და კიბერუსაფრთხოებაზე დახარჯავენ.
სააგენტოს ინფორმაციით, თავდაპირველად რუტეს სურდა, რომ ქვეყნებს ამ მიზნისთვის 2032 წლისთვის მიეღწიათ, თუმცა საბოლოო ტექსტში ვადამ 2035 წლამდე გადაიწია.





