22 ივნისის გამთენიისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკამ "ძალიან წარმატებული იერიში" მიიტანა ირანის სამ უმთავრეს ბირთვულ ობიექტზე და დაამატა, რომ თეირანის ბირთვული პროგრამის ყველაზე ღირებული ობიექტი - ფორდო - განადგურებულია.
თავის მხრივ, ირანელმა მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს, რომ ობიექტებზე აშშ-მ იერიშები მიიტანა, თუმცა უარყვეს, რომ დარტყმებმა ირანს სერიოზული ზიანი მიაყენა. ამასთან, ისრაელი აცხადებს, რომ "სრულ კოორდინაციაში" იყვნენ აშშ-ს მიერ დაგეგმილი იერიშების შესახებ.
აშშ-ს მხრიდან ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვა მნიშვნელოვანი ესკალაციაა ირან-ისრაელის კონფლიქტში, რომელიც 13 ივნისს დაიწყო და დღემდე გრძელდება.
ცნობისთვის, ირანზე ისრაელის დარტყმების შემდეგ, ტრამპს ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ირანს ბირთვული პროგრამა ვერ ექნებოდა და აიათოლას რეჟიმს "დანებებისკენ" მოუწოდა. საკითხის დიპლომატიურად გადაჭრისთვის კი მან ირანულ მხარეს ორი კვირა მისცა.

(White House)
თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანი უარს ამბობდა "ისრაელის იერიშების ქვეშ" მოლაპარაკებების გამართვასა და ბირთვული პროგრამის სრულად დათმობაზე, რის შემდეგაც ტრამპმა, როგორც ჩანს, ფორდოს, ნათანზისა და ისპაანის ბირთვულ ობიექტებზე წერტილოვანი იერიშების მიტანის ბრძანება გასცა.
რა დაიბომბა

(DigitalGlobe/Getty Images/Getty Images)
ამერიკული ბომბდამშენების მთავარი სამიზნე ფორდოს ბირთვული ობიექტი იყო, რომელიც ირანის ქალაქ ყუმის სიახლოვეს, მთების სიღრმეშია ჩაფლული. გასაიდუმლოებული და განსაკუთრებით დაცული დაწესებულების სრული ზომის შესახებ ბევრი რამ დღემდე არ არის ცნობილი, ხოლო არსებული ინფორმაცია ისრაელის დაზვერვის მიერ მოპარული ირანული დოკუმენტების წყალობით არის გასაჯაროებული.
სხვადასხვა გათვლებით, ფორდოს მთავარი ნაგებობა მიწის ქვეშ 80-90 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს, რის გამოც მისი განადგურება ჰაერიდან ძალზე რთულია. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ასეთ სიღრმეზე იერიშის მიტანა შეუძლია, სწორედ ამერიკაა, თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობდა, რომ შესაძლოა, აშშ-ს ბომბებიც არ იყოს საკმარისი ფორდოს გასანადგურებლად.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ბოლო ანგარიშის მიხედვით, ირანმა ბოლო პერიოდში ფორდოს ობიექტზე 60%-მდე გამდიდრებული ურანის წარმოება დააჩქარა. ხოლო IAEA-ს ექსპერტების თქმით, ფორდოში ურანის გასამდიდრებლად უკვე 2 700 ცენტრიფუგა გამოიყენებოდა.
ნათანზის ბირთვული კომპლექსი ირანის დედაქალაქ თეირანის სამხრეთით, დაახლოებით 250 კილომეტრის დაშორებით, მდებარეობს და იგი ირანში ურანის გამდიდრების დანიშნულების მქონე ყველაზე დიდი ობიექტია.
ნათანზის კომპლექსი მიწისზედა ექვს შენობასა და სამ მიწისქვეშა სტრუქტურას მოიცავს. 13 ივნისს წამოწყებული საჰაერო იერიშების კამპანიის ფარგლებში ისრაელმა ნათანზზსაც დაარტყა. სატელიტური სურათების მიხედვით, ისრაელის იერიშების შედეგად დაინგრა კომპლექსის მიწისზედა ნაწილი, ხოლო აშშ-ს სამიზნე ამჯერად, სავარაუდოდ, ნათანზის მიწისქვეშა სტრუქტურები იყო.
აშშ-ს იერიშების კიდევ ერთი სამიზნე - ისპაანი - ირანის ბირთვული კვლევის უდიდეს კომპლექსს წარმოადგენს. დაწესებულება ჩინეთის დახმარებით აშენდა და 1984 წელს გაიხსნა. ორგანიზაცია "ბირთვული საფრთხის ინიციატივის (NTI)" მიხედვით, ისპაანში 3 000-მდე მეცნიერია დასაქმებული და ეჭვობენ, რომ ისპაანი ირანის ბირთვული პროგრამის ცენტრს წარმოადგენს.
როგორ მიიტანა აშშ-მ იერიში

(USAF)
ირანის ბირთვული ობიექტების დასაბომბად აშშ-მ B-2 Spirit-ის ტიპის ბომბდამშენები გამოიყენა, რაც ყველაზე ძვირადღირებული სამხედრო თვითმფრინავია ამერიკის შეიარაღებაში. მისი ღირებულება $2.1 მილიარდს შეადგენს.
აშშ-ს საჰაერო ძალების მიხედვით, B-2-ებს 9 600 კილომეტრის სიშორეზე შეუძლიათ მოქმედება, ხოლო სტრატოტანკერებით ჰაერში საწვავით მომარაგების წყალობით, აღნიშნულ ბომბდამშენებს ფაქტობრივად დედამიწის ნებისმიერ წერტილში შეუძლიათ იერიშის მიტანა.
არსებული ინფორმაციით, ბომბდამშენის რადარის ამრეკლავი ზედაპირი მას პრაქტიკულად უხილავს ხდის კონვენციური რადარებისთვის. ამასთან, საჰაერო ძალების ინფორმაციით, B-2-ის "სტელს" ტექნოლოგიას ხელს უწყობს კომპოზიტური მასალები, სპეციალური საფარი და ე.წ. "ფრთის დიზაინი".
შესაბამისად, B-2 Spirit შორი რადიუსის საიერიშო მისიებისთვის არის შექმნილი და მას, როგორც კონვენციური, ასევე ბირთვული იარაღის, გადატანაც შეუძლია. ასევე აღსანიშნავია, რომ B-2 ბომბდამშენი ერთადერთი ამერიკული თვითმფრინავია, რომელსაც ბუნკერების საწინააღმდეგოდ შექმნილი GBU-57-ის ტიპის ბომბის გადატანის უნარი აქვს.
ზოგადად, B-2-ის ტიპის ბომბდამშენები აშშ-ს მისურის შტატის უაიტმენის საჰაერო ბაზიდან მოქმედებენ. შაბათს ორმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემა Reuters-ს დაუდასტურა, რომ გუამის ტერიტორიის სამხედრო ბაზისკენ მისურიდან B-2 ბომბდამშენები გაფრინდნენ.
თუმცა, აშშ-ს გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა, გენერალმა დენ კეინმა იერიშებიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე დააზუსტა, რომ B-2-ების ხსენებული ჯგუფი სატყუარა იყო და ისინი ყურადღების გადატანის მიზანს ემსახურებოდნენ.
სინამდვილეში, გენერალი კეინის თქმით, "ტაქტიკური მოულოდნელობის შესანარჩუნებლად" აშშ-მ ირანის ბირთვული ობიექტების დასაბომბად შვიდი B-2 ბომბდამშენი კონტინენტური ამერიკიდან აღმოსავლეთის მიმართულებით საიდუმლოდ გაგზავნა.

(White House)
გენერლის ცნობით, ბომბდამშენებმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ფორდოს, ნათანზისა და ისპაანის ბირთვული ობიექტების დაბომბვაში, მისურის სამხედრო ბაზიდან ირანამდე უწყვეტად, 18 საათის განმავლობაში, იფრინეს და გზად საჰაერო ტანკერებმა ისინი საწვავით რამდენჯერმე მოამარაგეს.
ხმელეთთან მიახლოებისას კი B-2 Spirit-ები საესკორტო და დამხმარე სამხედრო თვითმფრინავებს შეხვდნენ. ვაშინგტონის დროით 17:00 საათზე (თბილისის დროით 01:00-ზე), სანამ სამხედრო თვითმფრინავების დამრტყმელი ჯგუფი ირანის საჰაერო სივრცეში შევიდოდა, აშშ-ს ცენტრალური სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფმა ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა 24-ზე მეტი Tomahawk-ის ტიპის რაკეტა გაუშვა ისპაანში მიწაზე მდებარე ძირითადი ინფრასტრუქტურული სამიზნეების მიმართულებით.
ფორდოსა და ნათანზის ბირთვულ ობიექტებთან მიახლოებისას კი ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავებმა წინასწარი ცეცხლი გახსნეს ნებისმიერი პოტენციური ირანული მიწა-ჰაერის ტიპის საფრთხის წინააღმდეგ. გენერალმა კეინმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის აშშ-ს არ აქვს ინფორმაცია ირანის მხრიდან ოპერაციის განმავლობაში "დამრტყმელი ჯგუფის" წინააღმდეგ იარაღის გასროლის შესახებაც კი.
ამერიკელი გენერლის მიხედვით, ვაშინგტონის დროით 18:40 საათზე (თბილისის დროით 02:40-ზე) მოწინავე B-2 ბომბდამშენმა ორი ბუნკერსაწინააღმდეგო GBU-57-ის ტიპის ბომბი ჩამოაგდო ფორდოს პირველ სამიზნეებზე.
გენერალმა კეინმა აღნიშნა, რომ ბომბდამშენებმა ჯამში ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ თოთხმეტი GBU-57 ბომბი გამოიყენეს. მისი თქმით, სამიზნე ობიექტების სრულად დაბომბვა აშშ-მ 25-წუთიან ინტერვალში დაასრულა, რის ფარგლებშიც წყალქვეშა ნავიდან გაშვებული Tomahawk-ები ისპაანის დაწესებულებას ყველაზე ბოლოს მოხვდა.
ცნობისთვის, GBU-57 ბომბი 13 000 კილოგრამს იწონის და ექსპერტების მიხედვით, მას 18 მეტრის სისქის ბეტონის გარღვევა ან მიწაში 61 მეტრის სიღრმეზე ჩასვლა და შემდგომ აფეთქება შეუძლია. დიდი ალბათობით სწორედ ამის გამო გადაწყვიტა აშშ-მ თითოეულ ობიექტზე რამდენიმე ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბის ჩამოგდება.
რა ვიცით ზიანის შესახებ
ჯერჯერობით ვერ ზუსტდება, თუ რა ზიანი მიაყენა აშშ-ს დარტყმებმა ირანის ბირთვულ ობიექტებს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინფორმაციით, აშშ-ს მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ ობიექტების გარეთ რადიაციის დონე არ გაზრდილა. ხოლო ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ აშშ-ს დაბომბვა საერთაშორისო სამართლის "ბარბაროსული დარღვევა იყო".
სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანის "ბირთვული გამდიდრების დაწესებულებები სრულად და ტოტალურად განადგურდა".

(Maxar Technologies)
თავის მხრივ, ირანის სახელმწიფო მაუწყებლის პოლიტიკური დირექტორის მოადგილე, ჰასან აბედინი ირწმუნება, რომ დაბომბილი სამი ბირთვული ობიექტის ევაკუაცია ირანის მიერ "დიდი ხნის წინ" მოხდა. სამთავრობო ტელევიზიაში გამოსვლისას იგი ამტკიცებდა, რომ ირანს "დიდი დარტყმა არ მიუღია, რადგან [ბირთვული ობიექტებიდან] მასალები უკვე გატანილი იყო".
რა პასუხია მოსალოდნელი ირანისგან
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის თქმით, ფორდოზე, ისპაანსა და ნათანზზე აშშ-ს იერიშებს "გრძელვადიანი შედეგები" მოჰყვება. არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი "ყველა ვარიანტს" განიხილავს საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად.
პარალელურად, ირანმა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, აშშ-ს მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვასთან დაკავშირებით, საგანგებო შეხვედრა გამართოს.
ამას გარდა, აშშ-ს იერიშამდე ირანი ტრამპის ადმინისტრაციას აფრთხილებდა, რომ ირან-ისრაელის კონფლიქტში ამერიკის ჩართვა "გამოუსწორებელ ზიანს" მოიტანდა და რეგიონს სრულად გახვევდა ომში.
11 ივნისს ისრაელის იერიშების დაწყებამდე ირანის თავდაცვის მინისტრი, აზიზ ნასირზადე ასევე ამბობდა, რომ თუ აშშ-სთან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებები ჩაიშლება და ამის შედეგად კონფლიქტი აღმოცენდება, ირანი რეგიონში არსებულ ამერიკულ ბაზებს დაარტყამს.
მსგავსი მუქარა გაავრცელა ერაყში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა პროირანულმა დაჯგუფებამაც. ჰეზბოლა ბრიგადების გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ დაჯგუფება აკვირდება ვითარებას და კონფლიქტში აშშ-ს ჩარევის შემთხვევაში, ისინი ამერიკულ ობიექტებსა და სამხედრო ბაზებს ამოიღებენ მიზანში.
ირანში აშშ-ს იერიშებს გამოეხმაურა იემენელი ჰუსიტების ტერორისტული დაჯგუფებაც, რომელმაც განაცხადა, რომ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის გამო, ისინი წითელ ზღვაში აშშ-ს გემებს დაარტყამენ.
შესაბამისად, მომდევნო საათებსა და დღეებში ირანისა და რეგიონში შემორჩენილი პროირანული მარიონეტული დაჯგუფებების მხრიდან, დიდი ალბათობით, ამერიკულ ბაზებზე საპასუხო იერიშია მოსალოდნელი, რაც რეგიონში ვითარების კიდევ უფრო გამწვავებასა და კონფლიქტში მორიგ ესკალაციას გამოიწვევს.
რა თქვა ტრამპმა
ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ს იერიშების შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა სპეციალური მიმართვა გააკეთა. სიტყვით გამოსვლის დროს მან თქვა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები, სადაც ურანის გამდიდრება მიმდინარეობდა, სრულად განადგურებულია.

(Carlos Barria/AFP via Getty Images)
ამასთანავე, ტრამპი რეჟიმს დამატებითი იერიშებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ირანი მშვიდობას არ დათანხმდება და არ დანებდება. "გახსოვდეთ, ბევრი სამიზნეა დარჩენილი," თქვა მან.
გუნდური მუშაობა და მუქარა მეტ სამიზნეებზე - რაზე ილაპარაკა ტრამპმა ირანზე იერიშების შემდეგ
იერიშების შემდეგ, აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა ტრამპის მხარდამჭერი განცხადებები გაავრცელეს. სენატორმა ტედ კრუზმა პრეზიდენტი, მისი ადმინისტრაცია და აშშ-ს არმია ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიტანილი დარტყმებისთვის შეაქო.
თუმცა, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის დემოკრატმა ლიდერმა, ჰაკიმ ჯეფრისმა განაცხადა, რომ ტრამპის ნაბიჯი "ახლო აღმოსავლეთში დამანგრეველ ომში აშშ-ს გარევის" რისკს ქმნის. სხვა დემოკრატებმა კი ტრამპი კონგრესის გვერდის ავლით ომის დაწყებაში დაადანაშაულეს.
მეტიც, დამოუკიდებელმა მემარცხენე სენატორმა, ბერნი სანდერსმა ტრამპის გადაწყვეტილებას "არაკონსტიტუციური" უწოდა, ხოლო ულტრამემარცხენე კონგრესმენმა, ალექსანდრია ოკასიო-კორტესმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვა პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის აშკარა საფუძველს წარმოადგენს.
როგორ დაიწყო ყველაფერი
ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე, სამხედრო სამიზნეებზე, გენერლებსა და ბირთვული პროგრამის მეცნიერებზე მოულოდნელი იერიში 13 ივნისს წამოიწყო. ისრაელის თქმით, თავდასხმითი კამპანიის ძირითადი მიზანი ირანის ბირთვული პროგრამის განადგურებაა, ვინაიდან, პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ცნობით, ირანი მალე ბირთვული ბომბის შექმნას შეძლებდა.

(Majid Asgaripour/WANA (West Asia News Agency) via Reuters)
ირანი ირწმუნება, რომ ბირთვული პროგრამა "სამშვიდობო" მიზნებს ემსახურება, თუმცა ისრაელის იერიშებამდე ერთი დღით ადრე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) 20 წლის განმავლობაში პირველად დაადგინა, რომ ირანი ბირთვული გაუვრცელებლობის შეთანხმების ვალდებულებებს არღვევდა.
IAEA-ს 35 წევრისგან შემდგარი საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას 19-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 11-მა ქვეყანამ თავი შეიკავა, ხოლო სამი სახელმწიფო - რუსეთი, ჩინეთი და ბურკინა-ფასო - რეზოლუციის მიღების წინააღმდეგი იყვნენ.
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდი ხნის განმავლობაში ამბობდა, რომ ირანმა ბირთვული იარაღი ვერ უნდა მოიპოვოს. ვაშინგტონსა და თეირანს შორის ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო მას შემდეგ, რაც ტრამპმა ირანს ორთვიანი ვადა მისცა დიპლომატიის გზით შეთანხმების მისაღწევად.
ამის მიუხედავად, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ მიმდინარეობდა, რადგან ირანი უარს ამბობდა ურანის გამდიდრებაზე უარის თქმაზე.
13 ივნისს თეირანის წინააღმდეგ იერიშებში აშშ-ს ჩართვამდე ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებზე იერიშებში მხოლოდ ისრაელი იღებდა მონაწილეობას. ამ პერიოდში წერტილოვანი დარტყმებით ისრაელმა ირანის ბირთვული პროგრამის ათამდე მოწინავე მეცნიერი მოკლა.
ისრაელის იერიშებს ასევე ემსხვერპლნენ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური, ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, IRGC-ს საჰაერო-კოსმოსური ძალების ხელმძღვანელი, ასევე IRGC-ის ელიტარული ყუდსის ძალების მეთაური და სხვები.
ირანთან მოლაპარაკებების გამართვის მორიგი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ტრამპმა შესამჩნევად მწვავე რიტორიკა მიმართა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ აშშ-მ და ისრაელმა იციან, თუ სად იმალება ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი. ამასთანავე, ტრამპმა ირანს "უპირობო დანებებისკენაც" მოუწოდა.
ხოლო მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს საჰაერო იერიშები დაიწყო, ტრამპმა თეირანს კონფლიქტში აშშ-ს სავარაუდო ჩართვამდე 2-კვირიანი ვადა მისცა, თუმცა ირანული მხარის უცვლელი პოზიციებიდან გამომდინარე, ტრამპმა, როგორც ჩანს, ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის ბრძანება ნაადრევად, ვადის გამოცხადებიდან ორ დღეში, გასცა.




