Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ისრაელელმა ოფიციალურმა პირებმა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უთხრეს, რომ მათ ტრამპის მიერ თეირანისთვის ვაშინგტონთან შეთანხმების მიღწევისთვის მიცემული 2-კვირიანი ვადის განმავლობაში მოცდა არ სურთ, მათი მიზანი ირანის ბირთვული პროგრამის საკვანძო ობიექტების დროული განადგურებაა და ამისთვის აღნიშნულ პერიოდში მარტო მოქმედებისთვისაც მზად არიან.
როგორც Reuters საკითხზე ინფორმირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, ისრაელმა ზემოხსენებული პოზიცია ტრამპის ადმინისტრაციას 19 ივნისს, სატელეფონო საუბრისას გაუზიარა.
ტრამპმა 19 ივნისს ირანს 2-კვირიანი ვადა მისცა აშშ-სთან ბირთვული შეთანხმების დასადებად. პრეზიდენტის განცხადების მიხედვით, აშშ ირანის წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციას იმ შემთხვევაში შეუერთდებოდა, თუ თეირანი ვაშინგტონთან 2 კვირის განმავლობაში მისი ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწევდა.
ანონიმური წყაროს ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციასთან სატელეფონო საუბარში ჩართულნი იყვნენ ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი და ისრაელის არმიის გენერალური შტაბის უფროსი ეიალ ზამირი.
Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელი ფიქრობს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის უმნიშვნელოვანესი ობიექტის, ფორდოს მიწისქვეშა კომპლექსის განადგურების შესაძლებლობა მხოლოდ შეზღუდული დროით აქვს. ეს ბირთვული ობიექტი მთის ქვეშ აშენებულ ბუნკერშია განთავსებული, ხოლო აშშ ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ბუნკერების განადგურების შესაძლებლობის მქონე ისეთი სიმძლავრის ბომბები აქვს, რომლებსაც ფორდოს მიწისქვეშა ობიექტამდე მიღწევა შეუძლიათ.
22 ივნისს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მ ამერიკული B-2 ტიპის ბომბდამშენები წყნარი ოკეანის კუნძულ გუამზე არსებულ ბაზაზე გაგზავნა, რაც აშშ-ს მიერ ირანზე შესაძლო იერიშებისთვის მზადებაზე მიანიშნებს. როგორც Reuters წერს, B-2 ბომბდამშენებს 14-ტონიანი GBU-57 Massive Ordnance Penetrator (ე.წ. bunker buster) ბომბის გადატანა შეუძლიათ, რომელიც მიწისქვეშ ღრმად განთავსებული ობიექტების განადგურებისთვისაა შექმნილი, როგორიც, მაგალითად, ფორდოს კომპლექსია.
ისრაელელმა მაღალჩინოსნებმა ტრამპის ადმინისტრაციას გადასცეს, რომ, მათი ვარაუდით, ტრამპის 2-კვირიანი ვადა ზედმეტად ხანგრძლივია და ამის საპირისპიროდ, სწრაფი ქმედებაა საჭირო. Reuters-ის ცნობით, წყაროებმა არ დააკონკრეტეს, 19 ივნისის სატელეფონო ზარის დროს გაუზიარეს თუ არა ეს შეხედულება ისრაელელებმა აშშ-ს ადმინისტრაციას.
სატელეფონო საუბრის დროს, გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა თქვა, რომ აშშ ირან-ისრაელის კონფლიქტში პირდაპირ არ უნდა ჩართულიყო და მიანიშნა, რომ ისრაელი ომში ვაშინგტონის ჩათრევას აპირებდა. საუბარს ესწრებოდა აშშ-ს თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი.
ვენსს ხშირად გაუკრიტიკებია აშშ-ს მიერ სხვა სახელმწიფოების კონფლიქტებში მონაწილეობა, მათ შორის, ერაყში და ავღანეთში, თუმცა ბოლო პერიოდში რესპუბლიკელების კრიტიკის წინააღმდეგ, ადმინისტრაციას ხელი აეღო ირან-ისრაელის კონფლიქტში ჩართვაზე, ტრამპის შეხედულებას აქტიურად იცავდა.





