კრიმინალი

ცოლს საფანტის პისტოლეტით და დანით ჭრილობები მიაყენა – 1 პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ახალგაზრდა კაცს, რომელმაც 18 ივნისს, გორში ცოლს მრავლობითი დაზიანებები მიაყენა ბრალდება ოჯახში ძალადობის და მეუღლის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლებით წარედგინა. 

დანაშაული 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 ივნისს, გორში, ბრალდებულმა საფანტის პისტოლეტით და დანით, სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა მეუღლეს, რომელიც დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა. 

სამართალდამცავებმა ბრალდებული 19 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 19-109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

მათივე ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კომენტარები