რუსული რეჟიმი

ნიკა მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

ნიკა მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. 

სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა საქმის განმხილველი მოსამართლის შეურაცხყოფით. კერძოდ, ნიკანორ მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდგომ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა" - წერია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, ნიკანორ მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი 30 მაისს, სასამართლო პროცესზე შეასხა. სხდომაზე ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მსჯელობდნენ.

"თქვენ ხართ თანამონაწილე, დანაშაულებრივი ჯაჭვის ერთი რგოლი ხართ, რომელსაც კითხვაც კი არ უჩნდება, აქ როგორ აღმოვჩნდი, ვინ გამიტაცა და რატომ გამიტაცა" - განაცხადა მელიამ პროცესზე და მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა.

აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლემ მელია სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. 

პროკურატურამ მელიასთვის წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადაუხდელობის გამო, სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. დაცვის მხარე კი სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა. 

ნიკა მელია 29 მაისის საღამოს, ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, მელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის შეურაცხყოფას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა 30 მაისის 00:00 საათამდე ჰქონდა.

კომენტარები