რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Semafor: სენატში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტი, სავარაუდოდ, ივლისამდე გადაიდო

ამერიკელი სენატორები, რიჩარდ ბლუმენთალი და ლინდსი გრემი

გამოცემა Semafor წერს, რომ აშშ-ს სენატმა, სულ მცირე, ივლისამდე გადადო კანონპროექტი, რომელიც რუსეთისა და მისი სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გულისხმობს.

ამის მიზეზად გამოცემა ირან-ისრაელს შორის კონფლიქტის გამწვავებასა და რესპუბლიკელების საგადასახადო შეღავათების კანონპროექტს ასახელებს, რის გამოც გადატვირთულ გრაფიკში სანქციების კანონპროექტის განხილვისთვის ადგილი აღარ რჩება. 

გამოცემის ცნობით, კანონპროექტის თანაავტორები, რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენთალი, მუშაობენ კანონპროექტში ცვლილებების შეტანაზე, რათა უკრაინის მოკავშირეებს რუსეთთან ვაჭრობისთვის სანქციები თავიდან ასცდეთ. თუმცა, სენატში მათი კანონპროექტის გატანის კუთხით იმედები ამოიწურა იმ ფონზე, როცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სენატში სხვა პრიორიტეტები გაჩნდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, რესპუბლიკელ სენატორებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგადასახადო და საბიუჯეტო ე.წ. "დიდი, ლამაზი" კანონპროექტის განსახილველად გამოტანა მომდევნო კვირისთვის სურთ. 

პარალელურად, იზრდება სპეკულაციები, რომ შესაძლოა, ტრამპმა ირანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშებში აშშ ჩართოს. ხოლო პრეზიდენტ ტრამპს ჯერ კიდევ არ მიუთითებია სენატისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტი მიიღონ. 

აშშ-ს სენატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნმა 17 ივნისს განაცხადა, რომ დიდი ალბათობით რუსეთის სანქციებისთვის საუკეთესო დრო ივლის იქნებოდა: "ჩვენ ძალზე მზად ვართ ნაბიჯების გადასადგმელად, ჩვენ ვცდილობთ [პრეზიდენტის] ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას დროის თვალსაზრისით". - თქვა მან. 

თავის მხრივ, ლინდსი გრემმა Semafor-ს განუცხადა, რომ სენატს "ცოტა მეტხანს მოუწევს" რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტისთვის ლოდინი. 

კომენტარები