ირან-ისრაელის კონფლიქტი

ხამენეი ტრამპს: ირანი არ დანებდება, სამხედრო ჩარევას გამოუსწორებელი ზიანი მოჰყვება

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი
Photo: ATTA KENARE/AFP

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უპასუხა, რომელმაც მანამდე ირანს "უპირობო დანებებისკენ" მოუწოდა. 

"ეს ერი არასდროს დანებდება ვინმესგან ზეწოლის წინაშე," თქვა ხამენეიმ ტელევიზიით სიტყვით გამოსვლისას.

"ამერიკას უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერი სამხედრო ჩარევა უეჭველად გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს". - დაამატა მან.

ამას გარდა, 13 ივნისის ისრაელის მხრიდან ირანზე იერიშების მიტანის შემდეგ პირველ გამოსვლაში ხამენეი "მტკიცე პასუხით" დაიმუქრა. 

"ჩვენ მტკიცე პასუხი უნდა გავცეთ ტერორისტულ სიონისტურ რეჟიმს. ჩვენ სიონისტებს არ დავინდობთ." - თქვა მან. 

ბოლო პერიოდში ტრამპმა შესამჩნევად მწვავე რიტორიკა მიმართა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ აშშ-მ და ისრაელმა იციან, თუ სად იმალება ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.

"ჩვენ ახლა ირანის ცაზე სრული კონტროლი გვაქვს. ირანს კარგი საჰაერო თვალთვალის და სხვა თავდაცვითი ეკიპირება ჰქონდა, არაერთი, თუმცა, აშშ-ს წარმოებულს არ შეედრება. არავინ აწარმოებს უკეთესს, ვიდრე აშშ". - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

"ჩვენ ზუსტად ვიცით, სად იმალება ირანის ე.წ. "უზენაესი ლიდერი", ის მარტივი სამიზნეა – არ ვაპირებთ მის მოკვლას, ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის. მაგრამ არ გვინდა, რომ რაკეტები მშვიდობიან მოსახლეობის ან ამერიკელი ჯარისკაცების მიმართ იყოს ნასროლი. ჩვენი მოთმინება იწურება". - დაამატა მან ცალკე პოსტში.

კომენტარები