ირანის რეჟიმმა მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ WhatsApp-ის, Telegram-ის და სხვა "ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული აპლიკაციების" გამოყენებისგან და აღნიშნა, რომ ეს ისრაელის ერთ-ერთი "მთავარი მეთოდია პირების იდენტიფიცირებისა და მიზანში ამოღებაში". ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია IRIB უსაფრთხოების ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ბოლო დროს მომხდარი მიზანმიმართული მკვლელობების შემდეგ, მათ შორის, მეცნიერების მკვლელობების, ცნობები მიგვანიშნებს, რომ ისრაელის რეჟიმი ირანში ადამიანების მიზანში ამოსაღებად მობილური ტელეფონების თვალთვალს იყენებს". - წერს IRIB.
მედიის ცნობით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზემოხსენებული აპლიკაციები "დღევანდელ მდგომარეობაში საშიშია".
ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ "მოქალაქეებმა ადგილმდებარეობის შეცვლამდე მობილური ტელეფონები ქსელიდან უნდა გამორთონ".
ანგარიშში ასევე მოუწოდებენ მოქალაქეებს, განსაკუთრებით კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ორგანიზაციების თანამშრომლებს, გამოიყენონ დაცული ტელეკომუნიკაციის საშუალებები.





