აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შეცდომით თქვა, რომ ტრამპი G7-ის სამიტიდან ვაშინგტონში, სამიტის დასრულებამდე 1 დღით ადრე, ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისთვის სამუშაოდ ბრუნდებოდა.
"ყურადღების მაძიებელმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შეცდომით თქვა, რომ მე G7-ის სამიტი, კანადაში, დავტოვე, რათა ვაშინგტონში დავბრუნებულიყავი და ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტაზე მემუშავა.
არასწორია! მან საერთოდ არ იცის, რატომ მივდივარ ახლა ვაშინგტონში, თუმცა ამას ნამდვილად არაფერი აქვს საერთო ცეცხლის შეწყვეტასთან. ამაზე უფრო დიდია. მიზანმიმართულად თუ არა, ემანუელი ყოველთვის ცდება. დაგველოდეთ!" - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა Truth Social-ზე.
საფრანგეთის პრეზიდენტმა უფრო ადრე, ორშაბათს G7-ის სამიტზე რეპორტიორებთან საუბრისას თქვა, რომ ტრამპი ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის წინადადებით გამოვიდა.
"ნამდვილად არსებობს შეთავაზება, რომ შეხვედრა და საუბარი გაიმართოს. ეს შეთავაზება სპეციალურად გახმოვანდა, რათა ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს და შემდეგ მალევე დაიწყოს უფრო ფართო დისკუსიები". - თქვა მაკრონმა ორშაბათს.
ცნობისთვის, ტრამპმა 16 ივნისს კანადაში მიმდინარე G7-ის სამიტი 1 დღით ადრე დატოვა და ვაშინგტონში დაბრუნდა.
"უკან უნდა დავბრუნდე რაც შემიძლია, მალე. უკან ცხადი მიზეზების გამო უნდა დავბრუნდე". - თქვა ტრამპმა რეპორტიორებთან საუბრისას სამიტის დატოვებამდე.
ტრამპის ამ კომენტარებამდე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი აშშ-ში ბრუნდებოდა "იმის გამო, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება".
"ვფიქრობ, რომ ირანი პრაქტიკულად მოლაპარაკებების მაგიდასთანაა, სადაც მათ შეთანხმების მიღწევა სურთ და როგორც კი აქედან წავალ, ჩვენ რაღაცის გაკეთებას შევუდგებით". - თქვა ტრამპმა რეპორტიორებთან.





