ირან-ისრაელის კონფლიქტი

რუსეთის შეთავაზება ირანისგან ურანის მიღებასა და კონფლიქტში შუამავლობაზე ძალაშია – პესკოვი

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი
Ria

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, შეთავაზება ირანის გამდიდრებული უნარის რუსეთისთვის გადაცემაზე კვლავ ძალაშია, თუმცა საომარი მოქმედებების დაწყებასთან ერთად ვითარება "გართულდა"

ამის შესახებ პესკოვმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად ილაპარაკა. პესკოვს ჰკითხეს, რისი შეთავაზება შეუძლია რუსეთს კონფლიქტის მხარეებისთვის.

"ეს შეთავაზება კვლავ მაგიდაზე რჩება, კვლავ რელევანტურია, თუმცა, რა თქმა უნდა, საომარი მოქმედებების დაწყებასთან ერთად სიტუაცია სერიოზულად გართულდა". - თქვა პესკოვმა რუსეთში ირანული ურანის შენახვასთან დაკავშირებით. 

პესკოვმა დაამატა, რომ რუსეთი კვლავ მზად არის, რომ შუამავალის როლი შეასრულოს, თუმცა კვლავ აღნიშნა, რომ ვითარება "ესკალირდება". 

"რუსეთი მზად რჩება, რომ გააკეთოს ყველაფერი, რათა კრიზისის ძირეული მიზეზები აღმოფხვრას. სიტუაცია სერიოზულზე მეტად ესკალირდება და, რა თქმა უნდა, ეს ვითარებას უკეთესობისკენ არ ცვლის". - თქვა პესკოვმა. 

ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტის დაწყებამდე რუსეთმა განაცხადა, რომ მზად იყო, კრიზისის გადასაჭრელად ირანის ტერიტორიიდან მაღალ დონეზე გამდიდრებული ურანი რუსეთში წაიღოს და მისგან სამოქალაქო ბირთვული რეაქტორებისთვის საწვავად დაემზადებინა

აქამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ რუსეთს არ გააჩნია საკმარისი სანდოობა, რათა ისრაელსა და ირანს შორის შუამავლის როლი შეასრულოს.

15 ივნისს ABC News-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავდა ისრაელსა და ირანს შორის ვლადიმერ პუტინის შუამავლობის შესაძლებლობას.

შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ირანის პრეზიდენტ, მასუდ ფეზეშქიანთან სატელეფონო საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ "რუსეთი გმობს ისრაელის მოქმედებებს, რომლებიც გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით განხორციელდა".

პუტინმა ირანის ხელისუფლებასა და ხალხს "ისრაელის იერიშებით გამოწვეული დიდი მსხვერპლის გამო" მიუსამძიმრა.

13 ივნისს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა. 

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, სამხედრო ოპერაცია "აღმავალი ლომის" ფარგლებში ირანის ტერიტორიაზე ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების გასანეიტრალებლად 200-მდე ავიაგამანადგურებელი გაიგზავნა. 

კომენტარები