ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი ეხმაურება 15 ივნისს, ირანის მიერ ისრაელის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიტანილ იერიშს. კაცის თქმით, იერიში თეირანის მოსახლეობას "ძვირად დაუჯდება".
"თეირანის ქედმაღალი დიქტატორი გადაიქცა მხდალ მკვლელად, რომელიც ტარგეტირებულად თავს ესხმის ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას, რათა შეაკავოს ისრაელის თავდაცვის ძალები, რომელთა იერიშებიც ანადგურებს მათ შესაძლებლობებს. თეირანის მოსახლეობას ეს ძვირად დაუჯდება და ეს მალე მოხდება"
ისრაელში ირანის იერიშის შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლების ინფორმაციით გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც, მათ შორის 10 წლის ბიჭი. თავდასხმის შედეგად დაშავდა 140-ზე მეტი ადამიანი.
ირანის თავდასხმამ თელ-ავივში საცხოვრებელი სახლები გაანადგურა.
მანამდე, 13 ივნისს, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა.





