ირან-ისრაელის კონფლიქტი

ნეთანიაჰუს თქმით, ირანზე იერიშების საბოლოო შედეგი შესაძლოა, რეჟიმის ცვლილება იყოს

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, 27 სექტემბერი, 2024
Mike Segar/Reuters

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ისრაელის იერიშების შედეგად შესაძლოა, ირანში რეჟიმის ცვლილება მოხდეს.

მისი თქმით, ირანში რეჟიმის ცვლილება "შესაძლოა, ომის შედეგი იყოს, რადგან ირანის რეჟიმი სუსტია".

ნეთანიაჰუს მიხედვით, ბირთვული შეიარაღების შექმნის შემდეგ ირანი აპირებდა, რომ ბირთვული იარაღი იემენელი ჰუსიტებისთვის გადაეცა.

მან ასევე უარყო ცნობა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის მიერ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის გეგმას ვეტო დაადო.

"არსებობს უამრავი ყალბი ცნობა იმ საუბრებზე, რომლებიც არასდროს მომხდარა, არ ვაპირებ ამაში ჩავერთო". - თქვა ნეთანიაჰუმ ინტერვიუში.

ისრაელის პრემიერმა ასევე დაადასტურა ცნობა, რომ ისრაელმა იერიში მიიტანა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვითი ორგანიზაციის უფროსსა და მის მოადგილეზე. 

"შემიძლია ასევე გითხრათ, რომ ცოტა ხნის წინ ჩვენ ასევე დავარტყით [ირანის] დაზვერვის მეთაურსა და მის მოადგილეს თეირანში, რადგან ახლა თეირანის თავზე ვიმყოფებით, ჩვენი პილოტები თეირანის ცაში არიან და მიზანში ვიღებთ სამხედრო და ბირთვულ ობიექტებს ირანელებისგან განსხვავებით - ისინი ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას იღებენ მიზანში, ჩვენს მოქალაქეებს ბომბავენ". - თქვა მან.

მანამდე, ახალი ამბების ვებგვერდმა Iran International-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვითი ორგანიზაციის უფროსი, მოჰამად ყაზემი და მისი მოადგილე ნანგრევებში არიან მოყოლილნი მას შემდეგ, რაც ისრაელმა თეირანში ორგანიზაციის შენობაზე იერიში მიიტანა. მედიის მიხედვით, მათი "მდგომარეობა ამ დროისთვის გაურკვეველი".

ისრაელის პრემიერმა ისიც თქვა, რომ მისი აზრით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკვლელობის ორი მცდელობის უკან ირანი იმყოფება და დაამატა, რომ ირანმა მისი მოკვლაც სცადა.

"მათთვის [ირანისთვის ტრამპი] ნომერ პირველი მტერია. მათ ესმით, რომ პრეზიდენტი ტრამპი დიდი საფრთხეა ირანის გეგმებისთვის". - თქვა ნეთანიაჰუმ.

"ისინი ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი ტრამპი უზარმაზარი დაბრკოლებაა. მიაჩნიათ, რომ ისრაელი ძალიან დიდი დაბრკოლებაა და ორივე ჩვენგანის მოკვლა სურთ. მათ ჩემი მოკვლაც სცადეს. რაკეტა ესროლეს ჩემი საძინებლის ფანჯარას, ააცილეს". - დაამატა მან.

კომენტარები