ირანული სამთავრობო მედია, Tasnim წერს, რომ ისრაელმა თეირანში ირანის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა და ერთ-ერთი შენობა დააზიანა.
სამთავრობო მედიის თანახმად, "თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა მიზანში იყო ამოღებული, შტაბ-ბინის ერთ-ერთი შენობა მსუბუქად დაზიანდა".
გარდა ამისა, Tasnim წერს, რომ ისრაელმა იერიში თავდაცვის სამინისტროში შემავალი თავდაცვითი ინოვაციისა და კვლევის შენობაზეც მიიტანა.
ირანის თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ ისრაელმა თეირანში სამხედრო ობიექტებზე იერიში დაიწყო.
პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების გაშვება განაახლა.
ირანული ბალისტიკური რაკეტა ისრაელში ქალაქ ტამრაში იორსართულიან სახლს მოხვდა, რასაც ერთი ქალი ემსხვერპლა, 13 სხვა ადამიანი კი დაშავდა.
13 ივნისს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა.
მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 150 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, რამდენიმე ირანული რაკეტა თელ-ავივის ცენტრში ჩამოვარდა.
შემდგომ, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები ხელახლა გაუშვა, ხოლო მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ირანის დედაქალაქში, თეირანში ისრაელის იერიშების მოსაგერიებლად საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო გააქტიურებული და აფეთქებების ხმა ისმოდა.





