ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ს პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვისა და აშშ-ს არმიისთვის დაბადების დღის მილოცვის მიმართვა გაავრცელა.
ნეთანიაჰუმ, მათ შორის, აღნიშნა, რომ ირანში ისრაელის იერიშებისა და ოპერაცია "აღმავალი ლომის" ფონზე ირანელი მაღალი რანგის ლიდერები "ბარგს ალაგებენ", რადგან "გრძნობენ, რაც ელით".
მიმართვაში ნეთანიაჰუ აშშ-ს არმიასა და ტრამპს ისრაელის დახმარებისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ აშშ-ს არმიის გარეშე "თავისუფალი სამყარო არ გვექნებოდა". მანვე დაამატა, რომ დღეს ისრაელი "იცავს თავისუფლებას ახლო აღმოსავლეთში" და ებრძვის საერთო მტერს, ირანის რეჟიმს, რითაც მეზობლებსა და დასავლეთს ბირთვული და ბალისტიკური საფრთხისგან იცავს.
წარმოგიდგენთ მიმართვის სრულ თარგმანს:
მსურს დაბადების დღის ორმაგი მილოცვით დავიწყო.
უპირველესად, დაბადების დღეს გილოცავთ თქვენ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპ, არაჩვეულებრივი ლიდერი ხართ, მტკიცე, გაბედული, ნათელი ხედვითა და ნათელი ქმედებებით. ისრაელისთვის დიდებული რამეები გაქვთ გაკეთებული. არაჩვეულებრივი მეგობარი ხართ ებრაული სახელმწიფოსთვის და პირადად ჩემთვისაც, ერთმანეთს მრავალი წელია, ვიცნობთ. ვაფასებთ, რასაც ახლა აკეთებთ, ირანის კრიმინალური რეჟიმისგან ისრაელელთა სიცოცხლის დაცვაში გვეხმარებით.
ასევე მსურს, რომ 250-ე დაბადების დღე მივულოცო ამერიკულ არმიას. ორნახევარი საუკუნეა, რაც აშშ-ს შეიარაღებული ძალების კაცები და ქალები თავისუფლებას იცავენ. თქვენს გარეშე თავისუფალი სამყარო არ გვექნებოდა. მადლობას გიხდით ყველა თავისუფალი ხალხის სახელით.
დღეს ისრაელი იცავს თავისუფლებას ახლო აღმოსავლეთში და მის მიღმა. ამას ვაკეთებთ ირანის ტირანიული და რადიკალური რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენს გასანადგურებლად ატომური ბომბების შექმნა სურს და ბალისტიკური რაკეტების, მათ შორის, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების წარმოება სურს, რათა შეეძლოს, რომ მსოფლიოში ყველა ადგილას ნებისმიერს დაემუქროს.
ჩვენი თავის დაცვით სხვებსაც ვიცავთ. ჩვენს არაბ მეგობრებს, მშვიდობიან არაბ მეგობრებს ვიცავთ. ვიცავთ ევროპას, ასევე დაცვაში ვეხმარებით აშშ-ს, რომელიც ჩვენს დაცვაში ყოველთვის გვეხმარება. ეს მნიშვნელოვანი მისიაა. ამ წუთას ირანის რეჟიმი ჩვენს არასამხედრო სამეზობლოებს ბომბავს, როდესაც ჩვენ ტერორისტები გვყავს მიზანში ამოღებული. ეს არ არის ახალი.
მათ პრეზიდენტ ტრამპის მოკვლა ორჯერ სცადეს. ისინი ბომბავდნენ ამერიკულ საელჩოებს. 241 საზღვაო ქვეითი მოკლეს ბეირუთში. ავღანეთსა და ერაყში თავიანთი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით ათასობით ამერიკელი მოკლეს და დააზიანეს. ისინი წვავენ ამერიკულ დროშას და დაუსრულებლად სკანდირებენ: "სიკვდილი ამერიკას!" ჩვენი მტერი თქვენი მტერია და იმის კეთებით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ვუმკლავდებით იმას, რაც ადრე თუ გვიან ყველა ჩვენგანს საფრთხეში ჩააგდებს.
ჩვენი გამარჯვება თქვენი გამარჯვება იქნება.
როგორ ვაპირებთ, რომ ეს გამარჯვება მოვიპოვოთ?
ჩვენ უკვე გავაკეთეთ დიდებული რაღაცები - ჩვენ მოვკალით მათი უფროსი სამხედრო მეთაურები, მოვკალით მათი მოწინავე ტექნოლოგიის სპეციალისტები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ატომური იარაღის შექმნის რბოლას, რაც ჩვენ საფრთხეს შეგვქმნიდა, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენ.
ჩვენ გავაკეთეთ ეს ყველაფერი და მრავალი სხვა რამ, მაგრამ ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია, ამიტომ ვემზადებით.
თეირანამდე გზა გავიკაფეთ და ჩვენი პილოტები თეირანის ცაზე აიათოლას რეჟიმს ისეთ დარტყმებს მიაყენებენ, რომლებსაც ისინი ვერც წარმოიდგენენ.
მე შემიძლია, რომ ეს გითხრათ: ჩვენ გვაქვს მაჩვენებლები, რომ ირანში მაღალი რანგის ლიდერები უკვე თავიანთ ბარგს ალაგებენ. ისინი გრძნობენ, რაც ელით.
მე გეტყვით, რა მოხდებოდა, ჩვენ თუ არ ვიმოქმედებდით: გვქონდა ინფორმაცია, რომ ეს უპრინციპო რეჟიმი გეგმავდა, მის მიერ შექმნილი ბირთვული იარაღი თავიანთი ტერორისტი მარიონეტებისთვის გადაეცათ. [...] ეს საფრთხეს შეუქმნიდა მთლიან მსოფლიოს". - თქვა ნეთანიაჰუმ აშშ-ს პრეზიდენტისათვის, დონალდ ტრამპისთვისა და აშშ-ს არმიისთვის დაბადების დღის მილოცვაში.





