დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

რუსეთმა ისრაელზე განცხადება გააკეთა, მაგრამ სარკეში ჩახედვა დაავიწყდა – უკრაინის საგარეო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, გეორგი ტიხი
Profimedia

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, გეორგი ტიხი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს და წერს, რომ რუსეთმა "ახლო აღმოსავლეთზე განცხადება გააკეთა, მაგრამ სარკეში ჩახედვა დაავიწყდა".

ტიხი ლავროვს X-ზე პასუხობს.

"ესაა უხერხული მომენტი, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახლო აღმოსავლეთზე განცხადება გააკეთა, მაგრამ სარკეში ჩახედვა დაავიწყდა". - წერს ტიხი. 

ტიხის პოსტში დართულია ლავროვის განცხადების ნაწყვეტი, რომელშიც ის ისრაელის იერიშს გმობს და "არაპროვოცირებულ სამხედრო დარტყმებს" "კატეგორიულად მიუღებელს" უწოდებს. 

"არაპროვოცირებული სამხედრო დარტყმები სუვერენული სახელმწიფოს, გაეროს წევრის, მისი მოქალაქეების, მძინარე მშვიდობიანი ქალაქების, ბირთვული ენერგიის ინსფრასტრუქტურის წინააღმდეგ კატეგორიულად მიუღებელია". - წერია ლავროვის განცხადების ნაწყვეტში, რომელსაც ტიხი თავის პოსტს თან ურთავს.

13 ივნისს დილით ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რის ფარგლებშიც ისრაელმა ირანის სამხედრომაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა. 

ირანელი მაღალჩინოსნების მიხედვით, ისრაელმა თეირანის გარშემო, სულ მცირე, ექვს სამხედრო ბაზას დაარტყა. ასევე იერიში მიიტანა სამხედრო მეთაურებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის რამდენიმე შენობაზე.  

ირანის სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის იერიშების შედეგად ორი მოწინავე ბირთვული მეცნიერი, მოჰამედ მეჰდი და ფერეიდუნ აბასი, დაიღუპნენ.  

ამასთანავე, იერიშის ფარგლებში ისრაელმა ირანის რევოლუციური გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალი ჰოსეინ სალამიც, მოკლა. ირანულ მედიაში ასევე წერდნენ, რომ იერიშის შედეგად დაიღუპა ირანის არმიის მეთაურიც, მოჰამედ ბაგერი. 

ისრაელის არმიის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ მოქმედება "პასუხია ისრაელის წინააღმდეგ ირანული რეჟიმის მიმდინარე აგრესიაზე". ისრაელმა ასევე დამატებითი იერიშების შესაძლებლობაზეც მიანიშნა და თავდასხმას "პირველი ეტაპი" უწოდა. 

მოგვიანებით, ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით "ამომავალი ლომი" დაიწყო, რომლის ფარგლებში ირანის ტერიტორიაზე ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების გასანეიტრალებლად 200-მდე ავიაგამანადგურებელი გაიგზავნა.

კომენტარები