დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე, აშშ რეგიონში საზღვაო გამანადგურებლებს გზავნის

USS თომას ჰადნერი

ირანზე ისრაელის იერიშებისა და თეირანის საპასუხო დარტყმების შესაძლებლობის ფონზე, აშშ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო შესაძლებლობებს გზავნის. ამის შესახებ ამერიკულ მედიასთან აშშ-ს ორმა მაღალჩინოსანმა ისაუბრა.'

აშშ-ს საზღვაო ძალებმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებისკენ გაგზავნეს გამანადგურებელი ხომალდი USS თომას ჰადნერი. ამ მიმართულებით გაგზავნეს მეორე საზღვაო გამანადგურებელიც. 

AP News-ი წერს, რომ, ერთ-ერთი წყაროს თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლებს სიტუაციის განსახილველად შეხვდება. წყაროებმა ამერიკულ მედიასთან ანონიმურად ისაუბრეს.


13 ივნისის დილით ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რის ფარგლებშიც ისრაელმა ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა. 

ირანელი მაღალჩინოსნების მიხედვით, ისრაელმა თეირანის გარშემო, სულ მცირე, ექვს სამხედრო ბაზას დაარტყა. ასევე იერიში მიიტანა სამხედრო მეთაურებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის რამდენიმე შენობაზე.  

ხოლო მოგვიანებით ირანის სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის იერიშების შედეგად ორი მოწინავე ბირთვული მეცნიერი, მოჰამედ მეჰდი და ფერეიდუნ აბასი, დაიღუპნენ.  

ამასთანავე, იერიშის ფარგლებში ისრაელმა ირანის რევოლუციური გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალი ჰოსეინ სალამიც, მოკლა. ირანულ მედიაში ასევე წერდნენ, რომ იერიშის შედეგად დაიღუპა ირანის არმიის მეთაურიც, მოჰამედ ბაგერი. 

თავის მხრივ, ისრაელელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ დარტყმა "პრევენციული". ისრაელის არმიის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ მოქმედება "პასუხია ისრაელის წინააღმდეგ ირანული რეჟიმის მიმდინარე აგრესიაზე". ისრაელმა ასევე დამატებითი იერიშების შესაძლებლობაზეც მიანიშნა და თავდასხმას "პირველი ეტაპი" უწოდა. 

ამავდროულად, გამოცემა New York Times საკუთარ წყაროებსა და ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი და აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველი, ალი შამხანი ისრაელის იერიშის შედეგად მოკლეს. 

გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შამხანი თეირანში თავის საცხოვრებელ სახლზე იერიშის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებების გამო დაიღუპა. 

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით  "აღმავალი ლომი", "გაგრძელდება იმდენ დღეს, რამდენიც ამ საფრთხის მოსახსნელად იქნება საჭირო". 

 

კომენტარები